პაპანაქება სიცხემ ათასობით ავსტრალიელი უშუქოდ დატოვა

ავსტრალიის მეორე ყველაზე ხალხმრავალ შტატ ვიქტორიაში გაუსაძლისი სიცხეა. ტემპერატურა ცელსიუსით 40 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის. სიცხე იმდენედ გაუსაძლისი გახდა, რომ ჩოგბურთში მამაკაცთა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩის დროს, ორგანიზატორებმა ცენტრალური კორტის სახურავის დახურვა გადაწყვიტეს.

მოსახლეობა იძულებულია, ინტენსიურად გამოიყენოს ჰაერის კონდეციონერები, ვენტილატორები და აუზების წყლის ტუმბოები. ეს კი ელექტროქსელის გადატვირთვას იწვევს. ამის გამო, კვირას შტატ ვიქტორიაში, რამდენიმე ათასი საცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ავსტრალიაში ასეთი მასშტაბური გათიშვები პირველად არ ხდება. დაახლოებით ერთი წლის წინ, მსგავსი მიზეზით, ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი, სიდნეი ჩაბნელდა, უფრო ადრე კი ელექტროენერგიის გარეშე ქვეყნის სამხრეთი რეგიონი დარჩა. თუმცა, წინა ორ შემთხვევაში, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი მისი ნაკლებობა გახდა, ამჯერად კი ქსელმა დატვირთვას ვერ გაუძლო.

ავსტრალია ძირითადად ნახშირის თბოსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარს, მაგრამ ეკოლოგიური მოთხოვნების გამო, განახლებადი ენერგიის ათვისებას ეშურება. პარალელურად, ნახშირს გაზი ანაცვლებს. ამერიკულმა კომპანია „ტესლამ“ კი სამხრეთ ავსტრალიაში უზარმაზარი ენერგოდამგროვებელი ბლოკები დაამონტაჟა.

ავსტრალიის ენერგოგამანაწილებელი კომპანია აცხადებს, რომ მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ქსელში ენერგიის საკმარისი მარაგი არსებობდა. თუმცა, ქსელმა გადატვირთვას ვერ გაუძლო და რამდენიმე ადგილზე დაზიანდა. შტატ ვიქტორიაში ენერგიაზე მოთხოვნის ზრდის პერიოდში, მეზობელი სამხრეთ ავსტრალიიდან და კუნძულ ტასმანიიდან ენერგიის იმპორტი ხორციელდება.