ავსტრალიის მთავრობა, ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც შეიარაღების ეკიპირებას აწარმოებენ, 3.8 მილიარდი ავსტრალიური დოლარის (3.1 მილიარდი ამერიკული დოლარი) სესხს გამოუყოფს.
ასეთი მსხვილი სესხის დანიშნულება ისაა, რომ ავსტრალია შეიარაღების ექსპორტის თვალსაზრისით მსოფლიოს ტოპ ათეულში დამკვიდრდეს.
ავსტრალიის მთავრობამ 2016 წელს გამოაცხადა, რომ 2021 წლამდე შეიარაღებაზე 30 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს დახარჯავდა. ამ ფულით საზღვაო ფრეგატების, ჯავშანტექნიკის, მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავების, დრონების და რამდენიმე წყალქვეშა ნავის შეძენა იგეგმება. მათ უმეტესობას კი ავსტრალიის ჯარისთვის ადგილობრივი კომპანიები დაამზადებენ.
ბოლო წლების განმავლობაში ავსტრალიის სამხედრო ინდუსტრიას თავისი ტრადიციული ინვესტორებისგან ფინანსები შემოაკლდა, რადგან მათ აღარ სურთ ფულის სამხედრო ინდუსტრიაში დაბანდება. მთავრობამ შეიმუშავა 3.8 მილიარდი დოლარის სასესხო სქემა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სამხედრო ეკიპირების ექსპორტით არიან დაკავებულები და დაფინანსებას საჭიროებენ.
ავსტრალიის პრემიერ მინისტრ, მალკოლმ ტარნბულის თქმით, მის ქვეყანას მსოფლიოს შეიარაღების ექსპორტში ამჟამად მე-20 ადგილი უკავია. სამხედრო ბიუჯეტის მოცულობის გათვალისწინებით კი გაცილებით მეტის შესაძლებლობა აქვს. პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, შეიარაღების ექსპორტიორთა მოწინავე ათეულში დამკვიდრება.
როგორც ავსტრალიის თავდაცვის ინდუსტრიის მინისტრი, კრისტოფერ პაინი ამბობს, ავსტრალია შეიარაღებას ძირითადად შეერთებულ შტატებს, კანადას, ბრიტანეთს და ახალ ზელანდიას აწვდის. ცნობისათვის, ავსტრალიის თავდაცვის წლევანდელი ბიუჯეტი 34.6 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს შეადგენს.
სამხედრო ინდუსტრიისთვის შემუშავებული სასესხო სქემის მთავარი მიზანი, ავსტრალიის სამრეწველო სექტორის გამოცოცხლებაა, რაც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას გამოიწვევს. ამჟამად ქვეყანაში ხელფასის ზრდის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია, რაც თავის მხრივ, ინფლაციაზე უარყოფითად აისახება.
შარშან ავსტრალიაში რეკორდულად ბევრი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ სამრეწველო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი მაინც შემცირდა. თავის მხრივ, ამის მიზეზი, ადგილობრივი საავტომობილო წარმოების შემცირება გახდა.
მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობამ პიკს 1989 წელს მიაღწია, როცა ამ სფეროში 1.17 მილიონი ადამიანი (ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 15 პროცენტი) მუშაობდა. გასული წლის ბოლოს კი მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა 877 000-მდე შემცირდა. მართალია, ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვი იზრდება, მაგრამ კომპანიები ხელფასების გაზრდას არ ჩქარობენ.
ამჟამად მსოფლიოში შეიარაღებაზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი. შესყიდვებში განსაკუთრებით ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები აქტიურობენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ ავსტრალიას იარაღის ექსპორტიორთა მოწინავე ათეულში დამკვიდრება სურს, მაშინ მისი კომპანიების მიერ წარმოებული იარაღი, პარტნიორი ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნებსაც უნდა მიყიდოს. ამას კი ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.