არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები ამ წუთებში საავადმყოფოებში გადაჰყავთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, დაინახა, როგორ ჩამოინგრა ე.წ. შეკიდული ჭერი და ის ბაქანზე მდგომ მოქალაქეებს დაეცა.

„ესკალატორის ბოლო საფეხურიდან ჩავდიოდი, როცა დავინახე, რომ ჭერი ჩამოინგა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, დაშავებული სამ მოქალაქეზე მეტი უნდა იყოს, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვლილი არავინაა. სამაშველო ბრიგადებს ისინი ამ წუთებში გამოჰყავთ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში მიჰყავთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები.