ვის ევალებოდა „ვარკეთილში“ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის კონტროლი

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს დილის საათებში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაციისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ყვარელრემმშენს“ შორის გაფორმებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მეეტროსადგურში შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა 10 წელია.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. აღსანიშნავია, რომ სფეროს ექსპერტები მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობა-კონტროლის არარსებობაზეც საუბრობენ.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განეხორციელებინა; თავის მხრივ მიმწოდებელი კი დოკუმენტაციაში იძლეოდა გარანტიას, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო იქნებოდა ხარისხიანი და ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობაში იქნებოდა.

მეტროსადგურის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას კონტროლის გარკვეული ვალდებულება სწორედ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ჰქონდა, რომელიც აღნიშნული სამუშაოების შემსყიდველი ორგანოა. შესაბამისად, დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ნაწილდება არა მარტო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაზე შპს „ყვარელრემმშენზე“, არამედ „სატრანსპორტო კომპანიაზეც“.