დავით მესხიშვილი - დედაქალაქის ტრანსპორტის პოლიტიკა თავზე ჩამოგვენგრა

ჩვენ თავზე ჩამოგვენგრა მთელი დედაქალაქის ტრანსპორტის პოლიტიკა , - ამის შესახებ ორგანიზაცია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა მეტროსადგურ ”ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის კომენტირებისას განაცხადა.

დავით მესხიშვილი მოითხოვს, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის რეორგანიზაციას და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას, ასევე გამოძიების დაწყებას სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

”ერთი მხრივ უპასუხისმგებლობაა და მეორე მხრივ სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება. ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მოითხოვს იმ პირების პასუხისმგებლობას, ვინც დედაქალაქში ტრანსპორტის პოლიტიკას განსაზღვრავს. მეორე მხრივ, საჭიროა თბილისის მერმა სერიოზული რეორგანიზაცია დაიწყოს ტრანსპორტის სამსახურში, აღიჭურვოს ის თანამდეროვე სისტემებით და სამსახურში დასაქმდნენ თანამედროვე მიდგომების მქონე ადამიანები. რაც შეეხება სატრანსპორტო კომპანიას, არის არა მხოლოდ გულგრილობის ნიშნები, არამედ უფრო მძიმე დანაშაული. მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართაც”, - განაცხადა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილს" რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. კერძოდ, "ვარკეთილის" სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.