„პასუხისმგებელი პირი გამოძიებამ უნდა დაადგინოს“ - დავით ნარმანიას პირველი კომენტარი „ვარკეთილის“ მეტროში მომხდარ ინცინდენტზე

„გამოძიების შედეგად ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება, პასუხი ყველამ უნდა აგოს“ - განაცხადა რადიო პალიტრას გადაცემაში „საქმე“ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ.

საქმე ეხება დღეს დილით მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ინცინდენტს, რომლის შედეგაც სადგურში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

დავით ნარმანია ფაქტს სამწუხაროს უწოდებს. რაც შეეხება სამუშაოებს, ნარმანიას განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი წინასწარ არსებული პროექტით მიმდინარეობდა.

„სამუშაოები წარმოებდა ღამის საათებში, ამიტომ კომპანიას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ სამუშაო კარგად და ხარისხიანად შეესრულებინა“, - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვისი პასუხისმგებლობა დგება ასეთ შემთხვევაში, დავით ნარმანია პასუხობს: „ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დააადგინოს. მე ამ ეტაპზე მსჯელობა გამიჭირდება. გამოძიებამ უნდა გასცეს ყველა იმ კითხვებს პასუხი, რაც არსებობს“.