გიორგი კვირიკაშვილი: 2013 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა იყო 3,2%, ანუ დაახლოებით 55% იმ ზრდის, რაც დაფიქსირდა 2012 წელს

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელოვნება, ერთი სამად წარმოეჩინა, ჩვენ სამი ერთადაც ვერ წარმოვაჩინეთ და ამას გამოვასწორებთ აუცილებლად.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა იყო 3,2%, ანუ დაახლოებით 55% იმ ზრდის, რაც დაფიქსირდა 2012 წელს. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ არც ერთი პროექტი, რომლის დაფინანსებაც გარკვეული ვადით შეჩერდა, არ იყო ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი.

”ფული გადანაწილდა იმ პროექტებში, რომლებიც უფრო ფართო მასებს მისცემდა შესაძლებლობას, ესარგებლათ ეკონომიკური ზრდით, ეს იყო, მაგალითად სოფლის მეურნეობა. რაც შეეხება ახლანდელ მონაცემებს, პირველი კვარტლის მონაცემებით, 7%-ზე მეტი გახლავთ ეკონომიკური ზრდა. გასული წლის მეოთხე კვარტალი, რამდენიმე თვე მიმდევრობით იყო 8%-ზე მეტი. ასე რომ, მინდა გავაწბილო ყველა ის ოპონენტი, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ ტენდეცნია არის კატასტროფული, უამრავი ახალი პროექტია ჩაშვებული და გამოჩნდება მომავალში”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.