იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ს დანაშაულის პრევენციის ცენტრს თანამშრომლის უკანონო გათავისუფლების გამო 28 000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტის მაგდა ჯიმშელეიშვილის დახმარებით მოქალაქე მახარე მერებაშვილმა 3 წლიანი დავა მოუგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მახარე მერებაშვილის გათავისუფლება ცალსახად უკანონოდ მიიჩნია. შესაბამისად, მოპასუხეს კომპენსაციის სახით 28 000 ლარის ანაზღაურების გადახდა დაევალა.
მახარე მერებაშვილი 2012 წლიდან კონკურსის წესით დასაქმდა დანაშაულის პრევენციის ცენტრში. 2014 წელს კი იგი ასევე კონკურსის წესით დაინიშნა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. თუმცა, 2015 წლის თებერვალში ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს,“-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.