რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 4-5 თვის წინ დაასრულა

კომპანია „ყვარელრემმშენი“, რომლის მიერ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს ე.წ.შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, კახეთში სკოლებისა და ბაღების შენობების რეაბილიტაციაზეც მუშაობდა. კომპანია ამჯერად სამუშაოებს კიდევ რამდენიმე ობიექტზე ახორციელებს, მათ შორის, თბილისის 160-ე სკოლაში.

დღეს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევისას 14 ადამიანი დაშავდა. არადა, „ვარკეთილს“ რეაბილიტაცია სულ ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. კერძოდ, ”ვარკეთილის” სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩააატარა. რომელმაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „ვარკეთილის“ მეტროსადგურის მშენებლობის ღირებულება თავდაპირველად შეადგენდა 396 600 ლარს; კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო. ხელშეკრულება 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა. თუმცა მოგვიანებით, 2017 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელდა და ხელშეკრულების საერთო ღორებულება 347 848 ლარამდე შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, კიდევ რა პროექტები აქვს განხორციელებული აღნიშნულ კომპანიას, სულ რამდენ ტენდერშია გამარჯვებული და რა არის კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება.

ტენდერების მონიტორის მონაცემებით, 2017 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანია „ყვარელრემმშენს“ 28 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 1 343 990 ლარია.

ასევე, ტენდერების მონიტორის მონაცემებით, „ყვარელრემმშენს“ 28-დან 13 ტენდერი აქვს მოგებული. კერძოდ, ამ კომპანიის მიერ არის შესრულებული შემდეგი სამუშაოები - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების მთისძირისა და ალმატის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია; იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ყვარლის ფილიალის საჭიროებისათვის საცურაო აუზის სარემონტო სამუშოები; სოფელ ჭიკაანის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები; იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ყვარლის ფილიალის საჭიროებისათვის ღობის დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები; იუსტიციის სასწავლო ცენტრის და ფილიალის საჭიროებისათვის ტექნიკური ზედამხედველობის გაწევა; სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები; შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ერთ-ერთ საყაზარმე შენობაში საკუჭნაოს მოწყობის სამუშაოები; სოფელ კუჭატნის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები; ყვარელში კულტურის საესტრადო ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზის მოწყობის; სოფელ გავაზის საბავშვო ბაღისა და ყვარლის მედიაცენტრის ორი ოთახის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ყვარელში კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მონიტორის ინფორმაციითვე, შპს „ყვარელრემმშენის“ მონაწილეობით გამოცხადებულ ტენდერებში მთავარი შემსყიდველები ყვარლის მუნიციპალიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი, ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი, სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო განვითარების ცენტრი თბილისის სატრანსპორტო კომპანია არიან.

„ყვარელრემმშენის“ მთავარი მეტოქეები კი სახელმწიფო შესყიდვებში კომპანიები - აკვედუკი 07; ბურჯი XXI; ინტერპლიუსი; ინდუსტრია 2 და შპს NM არიან.

ამასთან, აღნიშნული კომპანია ახორციელებს სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის მე-3 და მე-5 კორპუსების სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს; თბილისის N 160-ე საჯარო სკოლის შენობის დასრულების სამუშაოებს, ასევე თბილისში, ი. ცურტაველის ქუჩა N29-ში შსს ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობის, ყაზარმის სარემონტო სამუშაოების და თბილისში, კ. ჩალაძის ქ. N1-ში მდებარე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და ტერიტორიაზე გადახურული ფარდულის მოწყობის სამუშაოებს.

საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერით, შპს „ყვარელრემმშენი“ 1999 წელს არის დარეგისტრირებული. იმ დროს კომპანიის 60%-იან წილს გიორგი ქოჩორაშვილი, 40%-იან წილს კი ოთარ ქანდაურიშვილი ფლობდნენ. კომპანიის დირექტორი კი რეგისტრაციის დროს თამაზ ჯოხარიძე იყო. 2017 წლის ივნისის რეესტრის ამონაწერით კი კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯოხარიძეა.