ბულგარეთის გენერალურმა პროკურორმა 435 მდიდრული და სუპერავტომობილის მფლობელთა შემოსავლების შემოწმების სანქცია გასცა.
შესამოწმებელ ობიექტებს შორის ფაქტობრივად ყველა ელიტარული ბრენდის - „როლს როისის“, „ფერარის“, „ლამბორგინის“, „ბენტლის“, „მერსედეს-მაიბახის“ და სხვა მოდელების მფლობელები არიან.
გამოცემა „ფრანს 24-ის“ ინფორმაციით, შემოწმდება სიაში შესული ავტომობილების მფლობელთა შემოსავლების წყაროები. პროკურატურას აინტერესებს, ძვირფასი ავტომობილების მფლობელებმა, შემოსავალი გადასახადების დამალვის, თაღლითობის, კორუფციის, ან სხვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების გზით ხომ არ მიიღეს.
გენერალური პროკურორის პრესმდივანმა, რუმიანა არნუდოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შესამოწმებელთა სიაში ძვირფასი ავტომობილების მფლობელთა გარდა ის 245 ადამიანიც მოხვდა, ვისაც 250 ათას ევროზე ძვირადღირებული ბინა აქვს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა დამატებით 400 ათას ევროზე ძვირად შეფასებული ვილების მფლობელ 120 ადამიანსაც შეამოწმებს.
ცნობისთვის, ბულგარეთი ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა და ამჟამად მისი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ამ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 500 ევროა.