"დაფიქსირდა პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებით სარგებლობის ფაქტები "

ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პარკირების სპეციალური საშვების გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა, რის გამოც კალაძემ მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს და თანამშრომლებს მოუწოდა, საშვები არ გადასცენ ოჯახის წევრებსა და სხვა პირებს.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებით სარგებლობის ფაქტები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პარკირების სპეციალური საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისათვის და ასევე ავტმობილებისთვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან. ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები. ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისგან. ეს ეხება მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს, თანამშრომლებს. ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითოები", - განაცხადა კალაძემ.