საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ”საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს.

”საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემდეგი სარეინტეგრაციო დახმარების სერვისები უნდა შესთავაზონ: სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება; საშემოსავლო პროექტების დაფინანსება; პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.

საგრანტო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ისეთი სერვისების შექმნა, რომლებიც მოქალაქეებს არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებისას წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ რეინტეგრაციას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 თებერვალი, 18:00 საათი.

მსურველებმა განაცხადი სამინისტროში უნდა წარადგინონ”, - აცხადებენ სამინისტროში.