„მოგების გადასახადის რეფორმა პოზიტიურად აისახა ბიზნესზე“

მოგების გადასახადის რეფორმა უკვე პოზიტიურად აისახა ბიზნესზე, - ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, დიდი ნაწილი რეინვესტიციებისა, რომელიც ბიზნესს მოგების სახით დარჩათ, მიმართული იქნა ახალი საწარმოების შექმნაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.

„შედეგი იმაზე უკეთესია, ვიდრე ჩვენ ყველა ველოდებოდით, ვიდრე ხელისუფლება ელოდებოდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იყო და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ბიზნესასოციაციასაც მიგვიძღვის წვლილი ამ რეფორმის განხორციელებაში“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

როგორც ცნობილია, ესტონური მოდელი 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში იბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას ახდენს, აღნიშნული გადასახადისგან თავისუფლდება.