თბილისში, კოსტავას ქუჩის N 41-ში, ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. საინვესტიციო კომპანია „გრანატ-ინვესტმენტი“ პროექტში 45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს. „ჰილტონ თბილისის“ მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია იქნება BBC, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს, რაც მთავრობის მეთაურის თქმით, უმაღლესი სტანდარტების დაცვის გარანტი იქნება. ამ ეტაპზე, პროექტის თანახმად, 150 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, საერთო ჯამში კი, 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
„გილოცავთ ამ, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვან დღეს. დიდი პაუზის შემდეგ გამოიძებნა ინვესტორი, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ამ ულამაზეს ისტორიულ შენობას,“ - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ხელი მოაწერა მემორანდუმს და საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, ახალი სასტუმრო არა მხოლოდ დედაქალაქის ვიზიტორებს უმასპინძლებს, არამედ ის იქნება სარგებლის მომტანი მთლიანად ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისათვის.
„პირველ რიგში, მე მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ მზარდი ეკონომიკა, ის დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მისცემს მათ საშუალებას, რომ გაიუმჯობესონ ეკონომიკური ყოფა და მათაც შეძლონ ამ სასტუმროში დასვენება. გვერდითი ეფექტები კი იქნება ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი, მათ შორის - ამ სასტუმროში ჩამოსული ათასობით ტურისტი, რაც თავისთავად გააჩენს მოთხოვნას, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და შესაბამისად, სოფელში დასაქმდებიან ადამიანები. ასევე, გაიზრდება მოთხოვნა ტრანსპორტზე და ტრანსპორტის სფეროში დასაქმდებიან ახალი ადამიანები, აგრეთვე, იქნება სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნა სავაჭრო სფეროში და რა თქმა უნდა, ეს იქნება უამრავ პატარა მაღაზიასა თუ სავაჭრო მოლში გაყიდული ახალი პროდუქცია და ახალი შემოსულობა ქვეყანაში, რაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზე და შემდეგ უკვე მუდმივად სასტუმროში. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სასტუმროს მშენებლობა, ამ სასტუმროს მშენებლობას უამრავი სარგებელი მოაქვს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ,გრანატ-ინვესტმენტს“ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„მინდა, ,,გრანატ-ინვესტმენტს“ დიდი მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის. დიმიტრი აბდუშელიშვილს, მერაბ ჩიხრაძეს და თქვენს გუნდს. ასევე, თქვენს კონტრაქტორ კომპანიებს. მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ეს არის ბაკურიანში სასტუმროების მშენებლობა, ასევე, ერთ-ერთი პირველი იყო დიმიტრი, რომელიც ხანძრის შემდეგ გამოგვეხმაურა და გამოთქვა მზაობა ტყის აღდგენაში მონაწილეობის მიღებისა. ანაკლიის პორტში, აგრეთვე, მისი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. სწორედ, ასეთ ადამიანებზე, ასეთ ინვესტორებზე დგას ეკონომიკა. მსგავსი ტიპის სასტუმროები კი სარგებლის მომტანია, არა მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში იქ მცხოვრები ტურისტებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისა და ჩვენი მოსახლეობისთვის. ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და რა თქმა უნდა, თბილისის გალამაზება ყველას გვახარებს. დიდი მადლობა, გილოცავთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც ასეთ ლამაზ ობიექტს შემატებს ჩვენს დედაქალაქს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას. ორ წელიწადში, როგორც შეგვპირდნენ, მშენებლობა დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა და შეემატება თბილისს. გმადლობთ,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.