საფრანგეთი და გერმანია რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან

საფრანგეთი და გერმანია 25 მაისს უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის შემთხვევაში, რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან.

ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთით 11 მაისს დაგეგმილი რეფერენდუმი უკანონოა.

"თუ უკრაინაში საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ შედგება, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას აღმოსავლეთ უკრაინაში", - ნათქვამია ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სამხედრო ქმედებებისგან არჩევნებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭირო იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, შეამციროს საკუთარი სამხედროების რიცხვი უკრაინის საზღვრებთან.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შეხვედრა გერმანიაში შედგა.