ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე იზრდება და 70 დოლარიან ნიშნულს გადასცდა, რაც ბოლო წლების მაქსიმუმი მაჩვენებელია.
თუმცა, კავშირის ცნობით, ბოლო 2 დღეა ნავთობის ფასმა კვლავ შემცირება დაიწყო და დღეისათვის ბარელზე 69,02 დოლარს შეადგენს.
„ნავთობის ფასის ბოლო დღეებში დაფიქსირებული კლების ძირითად მიზეზს წარმოადგნეს API-ის (ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი) პროგნოზი ნავთობის მარაგების ზრდასთან დაკავშირებით და აშშ-ის დოლარის გამყარება გლობალურ სავალუტო ბაზარზე ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო თვეებში ფიქსირდებოდა ნავთობის სტაბილურად მაღალი ფასები, რაც ძირითადად განპირობებული იყო „ოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელებითა და მისი პირობების მკაცრად შესრულებით. კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამოდენიმე არა წევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით, რომელიც შემდგომში გადავადებულ იქნა. 30 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მოხდა ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების კიდევ ერთხელ - 9 თვით გაგრძელება, 2018 წლის ბოლომდე.
რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობ პროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ბოლო 2 დღის განმავლობაში ნავთობის ფასის კლების კვალდაკვალ მცირდება. თუმცა მთლიანობაში იანვარში ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია დაახლოებით 32$-ით ტონაზე და დღეისათვის შეადგენს 654,25 დოლარს/ტონაზე; ხოლო დიზელის საერთაშორისო ფასი გაზრდილია დაახლოებით 21$-ით და დღეისათვის შეადგენს 607,25 დოლარს/ტონაზე,“-ნათვამია განცხადებაში.
ამასთან, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, იანვარში საქართველოს საწვავის საცალო ქსელში, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი ლიტრაზე საშუალოდ 2-5 თეთრით გაიაფდა.
„ნავთობის ფასისა და S&P Global Platts-ის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასის მატების მიუხედავად, საცალო ქსელში საწვავის ფასის სტაბილურობა ძირითადად განპირობებულია ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში ვინაიდან საწვავის ფასის ფორმირებაზე საცალო ქსელში საერთაშორისო ფასთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,5902 ერთეულს და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,4969 ერთეულს.
დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: „რეგულარის“ ტიპის ბენზინი 1 ლიტრზე - 2,19-2,32 ლარი (კლება მიმდინარე თვეში 2-4 თეთრით/ლიტრაზე), „პრემიუმის“ ტიპის ბენზინი - 2,29-2,44 ლარი (კლება 2-5 თეთრით/ლიტრაზე), „სუპერის“ ბენზინი - 2,39-2,54 ლარი (კლება 2-5 თეთრით/ლიტრაზე), „ევრო დიზელის“ საწვავი კი - ლიტრზე - 2,29-2,42 ლარია (კლება 2-5 თეთრით/ლიტრაზე),“-აღნიშნავენ იმპორტიორთა კავშირში.