ვიქტორ სანიკიძე იტალიაში გადასახადების დამალვაში ეჭვმიტანილთა სიაში მოხვდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე გადასახადების დამალვაში ეჭვმიტანილთა სიაში ფიგურირებს.

ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere Di Bologna იუწყება.

იტალიური "მონტეპასკის" 17 ყოფილი მოთამაშე, რომელთა შორის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძეცაა მოხსენიებული, გადასახადების დამალვაში ფიგურირებს. სიაში სანიკიძესთან ერთად მოხვდნენ კშიშტოფ ლავრინოვიჩი, რიმანტას კაუკენასი, შონ სტონრუკი, რომეინ სატო, ბენ ეზე, ბო მაკალები, ჰენრი დომერკანტი, ნიკოს ზისისი, ვლადი იულიევსკი, ბუტსი ტორნტონი, დევიდ მოსი, მალიკ ჰეირსტონი, დავიდ ანდერსენი, დევიდ ჰოუკინსი, მილოვან რაკოვიჩი და იგორ რაკოჩევიჩი.

ჩამოთვლილი კალათბურთელები დაკავშირებულნი არიან "მონტეპასკის" ექს-პრეზიდენტის, ფერდინანდო მინუჩის საქმესთან, რომელიც ახლახან დააკავეს.

გამოცემის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ მინუჩიმ სახელმწიფოს 16 მლნ ევრო დაუმალა, რომელიც მოთამაშეთა კონტრაქტებისა და ხელფასებიდან ბიუჯეტში გადასახადის სახით უნდა შეეტანა. საუბარია სიენური კლუბისთვის "ოქროს ხანაზე", როდესაც "მონტეპასკი" იტალიის ჩემპიონი ზედიზედ ხდებოდა (2007-2013) და ევროლიგის "ოთხთა ფინალში" თამაშობდა.

იტალიური გამოცემის ცნობით, იტალიურმა პოლიციამ უკვე დაიწყო საქმის მონაწილეთა სატელეფონო საუბრებისა და ელექტრონული მიმოწერის გაშიფვრა.

ვიქტორ სანიკიძე სიენის "მონტეპასკის" ღირსებას 2012-13 წლებში იცავდა, საიდანაც ესპანურ "სარაგოსაში" გადავიდა და დღემდე ამ გუნდის ღირსებას იცავს.