გიორგი მღებრიშვილმა 2017 წელს 12 ბიტკოინი შეიძინა - როგორ შეიცვალა მისი ქონებრივი მდგომარეობა 1 წელში

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად მიმდინარე წლის დასაწყისში ყოფილი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

ცნობისთვის, მანამდე მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, შემდეგ კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. თუმცა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმა მოხდა. შედეგად კი, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც გიორგი მღებრიშვილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა ბოლო 1 წლის განმავლობაში მისი ქონება. მიმდინარე წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მღებრიშვილი ფლობს, 232 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 90 კვ. მეტრის საცხოვრებელს დაბა წაღვერში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „მერსედესი 350“.

რაც შეეხება გიორგი მღებრიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში „ტერა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 7 759,7 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 75 000 დოლარი ჰქონდა, რაც 2014 წელს მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი და სახელფასო დანაზოგია.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გასულ წელს 10 440 დოლარად 12 ბიტკოინი იყიდა.

ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული მღებრიშვილის შემოსავალმა შს მინისტრის პოსტზე - 65 000 ლარი; უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პოსტზე დაახლოებით 1 თვეში - 1 981 ლარი, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში მღებრიშვილის შემოსავალმა - 6 250 ლარი შეადგინა.

გიორგი მღებრიშვილს მეუღლე და 3 შვილი ყავს. დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე ფლობს თბილისში მდებარე 142,6 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 33,33%-იან წილს. მასვე „ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 1 200 ლარი, ანაბარზე კი 40 ლარი ჰქონდა. ამასთან, გასული წლის შემოსავალმა „ლიბერთი ბანკის“ კადრების დეპარტამენტის ადმინისტრატორად მუშაობისას 6 143 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მათ შვილებს, დეკლარაციის შევსების მომენტში „საქართველოს ბანკი" ანაბარზე 1 739 დოლარი, „ლიბერთი ბანკში“ კი 3 000 ლარი ჰქონდათ.