ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორს, კორპორაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მთავარ მრჩეველს ჩარლზ მაკლაფლინს შეხვდა.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, OPIC-ის დახმარებით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.
„აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციაში შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. 20 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის დახმარებით, საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აღსანიშნავია, რომ OPIC-ი აპირებს დაფინანსების პორტფელის გაზრდას საქართველოსთვის. ჩვენ ამერიკულ მხარეს გავაცანით ის რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აღნიშნული საინვესტიციო პოტენციალის ათვისების კუთხით OPIC-ის ჩართულობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მომავალში უფრო მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა.
საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც დაარსდა 1971 წელს. OPIC თანამშრომლობს აშშ-ის კერძო სექტორთან და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება. OPIC 1993 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში.