Underground 1863 წლიდან - საინტერესო ფაქტები სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენების შესახებ (ფოტოგალერეა)

მეტროს ისტორია 1863 წლიდან იწყება, იმ პერიოდიდან, როდესაც ლონდონში პირველი 4 კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა ხაზი ამუშავდა.

მას შემდეგ მეტრო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გადაადგილების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საშუალებად ითვლება. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მსოფლიო მეტროპოლიტენის შესახებ.

დავიწყოთ ისევ ლონდონიდან, სადაც მსოფლიოში პირველი მეტროპოლიტენი გაიხსნა. 1863 წელს იქ 4-კილომეტრი სიგრძის მიწისქვეშა ხაზი ამუშავდა. ვაგონები ერთმანეთს სპეციალური ორთქლმავალებით - Metropolitan Railway steam locomotives - უკავშირდებოდა. საგულისხმოა, რომ ყველა ეს ორთქმავალი 1956 წელს ჩამოწერეს.

დღეისათვის ყველაზე ახალი მეტრო ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმაატაშია. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო, 1992 წელს პროექტის რეალიზაცია შეჩერდა და მხოლოდ 2005-ში განახლდა. მეტრომ მუშაობა 2011 წლის დეკემბერს დაიწყო.

დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიური პროგრესის ფეხდაფეხ, განვითარდა მეტროც. მაგალითად, დღეს კოპენჰაგენში, სეულში, სინგაპურსა და ჰონკონგში უპილოტო მატარებლები უკვე ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა მაღალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით, მსოფლიო ლიდერია დუბაის მეტროპოლიტენი, რომელსაც გააჩნია ყველაზე გრძელი სრულიად ავტონომიური მეტროს ხაზი -80 კილომეტრი. დუბაის მეტროპოლიტენის პროექტი ცნობილმა ფრანგულმა სატრანსპორტო კომპანია Systra-მ შექმნა და განახორციელა Dubai Rapid Link და Mitsubishi Heavy Industries-მა.

ყველაზე ძველი მოძრავი შემადგენლობა მსოფლიოში ემსახურება ბუენოს-აირესის მეტროპოლიტენის მგზავრებს - დღემდე ხაზების ნახევარზე მეტზე დადის 1930-ანი წლების მატარებლები. 2013 წლამდე კი მოძრავი შემადგენლობის ნახევარზე მეტს წარმოადგენდა 1913 წელს გამოშვებული ბელგიური მატარებლები La Brugeoise.

წლების განმავლობაში ქალაქების ხელისუფლებები ცდილობენ, რომ უფრო მეტი მეტროსადგური დაამატონ, რათა მოქალაქეებს გადაადგილება უფრო კომფორტულად შეეძლოთ. მართალია, ბევრი ქვეყანა ამას ახერხებს, თუმცა ბევრი - ვერ, რამდენადაც მეტროს მშენებლობას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. ამ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონი სადგურების რაოდენობის მიხედვით არის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი. ნიუ-იორკში არის 427 მეტროსადგური დ ყოველდღიურად მოძრაობს 6000-ზე მეტი მატარებელი. ასევე ნიუ-იორკშია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მეტროსადგური. Smith-9 Streets-ი ზედაპირიდან 27 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მსოფლიოში ყველაზე ღრმაა კიევის მეტროპოლიტენის სადგური „არსენალნაია“ – 105,5 მეტრი.

რაც შეეხება თბილისის მეტროს, მან ფუნქციონირება 1966 წელს დაიწყო. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ.

(გამოყენებულია forbes.com-ის მასალები)

იხილეთ ფოტოგალერეა