უახლესი შეფასებებით, მარცვლეულის გლობალური წარმოების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ხოლო FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სტაბილურია.
გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე საბაზრო სეზონი ხორბლისა და სიმინდის რეკორდული მარაგებით დასრულდება, რაც მსოფლიოში მოსალოდნელზე უხვი მოსავლიანობის შედეგია.
„მარაგების რეკორდული მოცულობების პირობებში, ყველა ძირითადი მარცვლეულისათვის გლობალური ბაზარი დაბალანსებული იქნება“ - აღნიშნულია მარცვლეულის მიწოდება/მოთხოვნის შესახებ FAO-ს უახლეს დასკვნაში. მარაგები/მოხმარების თანაფარდობა (რომელიც არასაწარმოო სეზონზე მიწოდებას განსაზღვრავს) ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.
ასევე, დღეს გამოქვეყნებულ FAO-ს სურსათის ფასების ანგარიშის მიხედვით, იანვრის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლებია.
ფასები სასურსათო პროდუქტებზე ძირითადად სტაბილურია
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი იანვარში პრაქტიკულად არ შეცვლილა და 169.5 პუნქტი შეადგინა. სასურსათო მარცვლეულზე ფასების ზრდა შაქრის, კარაქის და ყველის ფასების შემცირებამ დააკომპენსირა.
მარცვლეულის ფასების ინდექსი დეკემბერთან შედარებით თითქმის 2,5%-ით გაიზარდა. არახელსაყრელი ამინდითა და აშშ დოლარის დასუსტებით გამოწვეული შეშფოთება ბაზრისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მიწოდების მაღალი მაჩვენებლები. იანვრის ინდექსი, რომელიც მოიცავს ხორბალს, ბრინჯს და საფურაჟე მარცვლეულს სიმინდის ჩათვლით, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6,3%-ით მაღალია. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი საერთაშორისო ბაზარზე ხუთი ძირითადი სასურსათო პროდუქტის საშუალო-შეწონილ ფასებს ასახავს.
მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი იანვარში პრაქტიკულად არ შეცვლილა. პალმის ზეთის ფასები ზომიერად გაიზარდა, მაშინ როცა მზესუმზირისა და რაფსის ზეთის ფასები შემცირდა.
რძის პროდუქტების ფასების ინდექსი იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 2,4 %-ით შემცირდა. ინდექსის შემცირება ძირითადად განაპირობა კარაქისა და ყველის ფასების კლებამ, რაც თავის მხრივ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ავსტრალიაში მიწოდების გაზრდამ გამოიწვია. აღნიშნულ პოზიციებზე ფასების ვარდნა რძის ფასების ზრდამ ვერ დააკომპენსირა.
შაქრის ფასების ინდექსი იანვარში 1,6 %-ით შემცირდა და 30%-ით დაბალია გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით. კლება განაპირობა წარმოების მოცულობის ზრდამ და ჭარბი ექსპორტის შესაძლებლობამ
ხორცის ფასების ინდექსი თვის მიხედვით თითქმის უცვლელია. ფრინველისა და ღორის ხორცზე სუსტმა მოთხოვნამ საქონლის ხორცზე მაღალი მოთხოვნა და ოკეანეთიდან ამ პროდუქტის მიწოდების შემცირება დააბალანსა,“-ნათქვამია ინფორმაციაში.