„ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნა არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი და გამოძიება მთელ ჯაჭვს უნდა გაჰყვეს“

არ ვფიქრობ, რომ არსებითი პრობლემაა, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გადამოწმება ნამდვილად არ აწყენს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნა არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი და გამოძიება მთელ ჯაჭვს უნდა გაჰყვეს, რომელიც პროექტირებიდან იწყება. დედაქალაქის მთავრობის ყოფილი მეთაური აღნიშნავს, რომ არსებობს მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ლაბორატორია, რომელსაც დასკვნის გაკეთება შეეძლო. მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ არ დაიდო შესაბამისი დასკვნა, ყოფილი მერი სატრანსპორტო სამსახურის მისამართით სვამს.

„არ ვფიქრობ, რომ არსებითი პრობლემაა, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გადამოწმება ნამდვილად არ აწყენს. ამ ბოლო სამწუხარო ფაქტმა ეს გვიჩვენა. ამიტომ მოიგებს მუნიციპალიტეტიც და საზოგადოებაც, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე ჩვენ ამ თვალსაზრისით რეფორმები არ გავატარეთ. ჩვენ მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ლაბორატორიის რეფორმა ჩავატარეთ, რათა სხვადასხვა სახის პროექტებზე ლაბორატორიული დასკვნა ყოფილიყო. თუ მანამდე ვთქვათ გზების ხარისხის შემოწმება არაგეგმური იყო, ჩვენ ყველა შესრულებულ სამუშაოზე ლაბორატორიულ დასკვნას ვითხოვდით. სამი თუ ოთხი შემთხვევა იყო, როდესაც ვერ დაკმაყოფილდა ხარისხი და თანხა არ ანაზღაურდა. სამწუხაროა, რომ ამ პროექტის შესრულებაში ტექნიკური ექსპერტიზა არ ჩატარდა.

როგორც აღმოჩნდა, ტარდებოდა ეტაპობრივად, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მოცულობის და მისი ღირებულების ექსპერტიზა, რათა ზედმეტი თანხები არ გადაერიცხათ სამუშაოს მწარმოებელი კომპანიისთვის. ამის გაკეთება იყო შესაძლებელი და ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უნდა ჰქონოდა მეტი ინტერესი და უფრო მეტი ყურადღებით უნდა ყოფილიყო, რათა გაკეთებული ტექნიკური ექსპერტიზა. თუმცა, მხოლოდ მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არამართებულია. ჩვენ მთელ ჯაჭვს უნდა გავყვეთ, დაწყებული პროექტირებიდან, შემდეგ ამ კომპანიამ შეასრულა თუ არა ვალდებულება და ბოლოს, რატომ არ ჩატარდა ტექნიკური ექსპერტიზა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.