„რეზონანსი" - ლარიზაციის შედეგი მინიმალურია, სებ-ი ახალ რეგულაციაზე დაფიქრდა

ლარის სტაბილურობისთვის მთავრობა გზებს ეძებს. ერთ-ერთი მათგანი ყბადაღებული ლარიზაცია და მასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციებია, რომლებზეც უკვე ფიქრობენ ეროვნულ ბანკში.

ლარიზაციის ამოქმედებიდან დღემდე პროგრამის გამართულობაზე საუბრობდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ გარკვეული ცვლილება კიდევ საჭიროა.

როგორ გაზეთი „რეზონანსი" წერს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სესხების გალარების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მხოლოდ 23%-მა გადაიყვანა უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტები ლარში. დიდად არც ეროვნულ ვალუტაში ფასდადების მექანიზმი გამოიყენება. საბოლოო ფასის განსაზღვრისთვის ისევ დოლარი გამოიყენება. ასეთი ხარვეზები პროგრამის უსარგებლობაზე მეტყველებს.

ლარიზაციისთვის ახალი რეგულაციების შემოღებას არ გამორიცხავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. მისი ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

"ლარიზაცია  - ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელსაც დაახლოებით 10-15 წლის პერიოდს მივცემდი. ვფიქრობ, ის მაჩვენებლები, რომლებითაც 2017 წელი დამთავრდა, საკმაოდ კარგია და შეიძლება ითქვას, იმაზე კარგიც, ვიდრე ჩვენი არაოფიციალური მოლოდინი იყო. კონკრეტულად, სესხების დოლარიზაცია 1 წლის განმავლობაში შემცირდა 7 პროცენტული პუნქტით, ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია კი შემცირდა 12 პროცენტული პუნქტით. რაც შეეხება დეპოზიტების დოლარიზაციას, 1 წლის განმავლობაში შემცირდა 5 პროცენტული პუნქტით.

ვფიქრობ, დასაწყისისთვის ცუდი მაჩვენებელი არაა, მაგრამ მომავალში კვლავ გაგრძელდება აქცენტი და ფოკუსი იმისთვის, რომ ბაზრისთვის უმტკივნეულოდ და მეგობრულად გაგრძელდეს დედოლარიზაციის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ჯერჯერობით რეგულაციის შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვაანალიზებთ იმ სიტუაციას, რაც გვაქვს და ყოველთვის ვუყურებთ, ჩვენმა გადადგმულმა ნაბიჯმა რა შედეგი მოიტანა და სად შეიძლება კიდევ დამატებით რამის გაკეთება.

ყოველთვის ვადევნებთ თვალყურს სხვა ქვეყნების გამოცდილებას. თუ რამე ისეთი იქნება, რომელიც, ვფიქრობთ, ასევე დაეხმარება ქვეყანაში ლარიზაციის განხორციელებას, ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა "ბიზნეს მედიასთან" გვენეტაძემ.

სპეციალისტები სხვაგვარად უყურებენ ეროვნული ბანკის პროგრამას. ეკონომისტი რატი აბულაძე ლარიზაციის ჩავარდნაზე საუბრობს. მისი თქმით, პროგრამა თუ ღონისძიება, რომელიც ვერ აღწევს დაგეგმილ მაჩვენებელს, არ სრულდება ბოლომდე და არ აქვს პროგნოზირებადი შედეგი, არის არაფრის მომცემი. სწორედ ასეთი შედეგებით განისაზღვრება მმართველობითი პასუხისმგებლობაც და ამიტომ გახდა აუცილებელი დამატებითი რეგულაციების შემოტანაც.

"უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეგულაციები მიმართულია ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესების, თანამედროვე გამოწვევების პრევენციის, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის სრულყოფისკენ. განხოციელებულ აქტივობებში აღსანიშნავია ლარიზაციის ღონისძიებებიც, რომელთა გატარება ობიექტური აუცილებლობით იყო განპირობებული, თუმცა აქ შევეჩეხეთ დიდ პრობლემას.

ნებისმიერი პროგრამა თუ ღონისძიება, რომელიც ვერ აღწევს დაგეგმილ მაჩვენებელს, არ სრულდება 100%-ით და არ აქვს პროგნოზირებადი შედეგი, არის "ჩავარდნილი" (ზოგიერთი კომპონენტის ეფექტურობის მიუხედავად). შესაბამისად, ასეთი შედეგებით განისაზღვრება მმართველობითი პასუხისმგებლობაც.

ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი ახალ რეგულაციებზე საუბრობს. ესე იგი ხარვეზები არსებობს და საჭიროა მისი გამოსწორება. პროცესიც სწორედ აქეთკენ არის მიმართული", - განუცხადა "რეზონანსს" აბულაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"