საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის ყოველწლიური რეიტინგის თანახმად ონლაინ რითეილერი Amazon-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი გახდა.
ჯეფ ბეზოსის კომპანიამ პირველად შეძლო Google-ის გადასწრება, რომელიც განახლებულ რეიტინგში მთელი ოთხი პოზიციით დაბლა აღმოჩნდა.
Amazon-ის ბრენდის ღირებულება Brand Finance Global 500-ის რეიტინგში 150,8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც 2,5%-ს შეადგენს მთლიანად რეიტინგში შესული სხვა კომპანიების ღირებულებისა (5,904 ტრილიონი დოლარი). გასული წლის მონაცემებთან შედარებით Amazon-ის ღირებულება გაზრდილია 42%-ით 106,4 მილიარდიდან. თავად კომპანიის ფინანსურმა ბრუნვამ კი წინა წლის განმავლობაში 136 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რეიტინგში Google-მა არამხოლოდ პირველი ადგილი დაუთმო Amazon-ს, არამედ მას ასევე გაასწრო Apple-მაც, რომლის ღირებულება 37%-ით 146,311 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. თავად Google-ის ღირებულება კი მხოლოდ 10%-ით 120,91 მილიარდამდეა გაზრდილი.
რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ტექნოლოგიური კომპანიები Samsung, Facebook, Microsoft, სატელეკომუნიკაციო გიგანტები ამერიკიდან AT&T და Verizon, სავაჭრო ბრენდი Walmart და ჩინური ბანკი ICBC. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ათივე მონაწილემ გასულ წელთან შედარებით ადგილები შეიცვალა.
კოკა კვირკველია