ირაკლი ლექვინაძე - არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ბიზნესს

ამ ეტაპზე შეიძლება გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ბიზნესს, ეს არის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები , - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ბიზნესსექტორთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ის იწყებს შეხვედრებს ბიზნესსექტორთან. მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება როგორც მსხვილ ბიზნესასოციაციებთან, ასევე სხვადასხვა სექტორში მოქმედ ბიზნესგაერთიანებებთან.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომავალ კვირას ის შეხვდება საკონსულტაციო და იურიდიულ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ბიზნესთან და ასევე ბიზნესის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

"ამ შეხვედრების ფარგლებში, ჩვენ მოვახდენთ ყველა საკითხის პრიორიტეტიზაციას და ბუნებრივია, ამ საკითხების მიტანას შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებამდე. ეს კომუნიკაცია იქნება მუდმივი, რადგანაც ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესგარემო პოზიტიურია. ამას ადასტურებს, როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე საერთაშორისო შეფასებები, თუმცა ბიზნესის წარმოების პროცესში შეიძლება იყოს ტექნიკური თუ რიგი თემატური საკითხები, რომლებიც საჭიროებდეს უფრო მეტ მხარდაჭერას," - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატში შემოსული განცხადების საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე თემატური საკითხი და საკითხები, რომლებიც ინდივიდუალური „ქეისების“ სახით არის წარმოდგენილი.

"ამ ეტაპზე შეიძლება გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ბიზნესს. ეს არის იგივე სასამართლოსთან დაკავშირებული თემები, რომლებიც შესაძლოა 2 ნაწილად გავყოთ - პირველი ეს არის ვადები, რომლებიც უკავშირდება სასამართლოებში ბიზნესდავების განხილვას. ეს არის ბიზნესისთვის წუხილი, იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდ დროში გარკვეულ დანაკარგებს აქვს ადგილი და დრო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. მეორე - ეს არის ბიზნესდავების განხილვის პრაქტიკა. ძალიან ბევრი სპეფიციური საკითხია, რომელსაც სჭირდება შესაბამისი კომპეტენციები. ამიტომ ჩვენ ამ საკითხების კომუნიკაციის მერე გვექნება ყველა მიმართულებით კომუნიკაცია და ასევე გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება ამ მიმართულებით გარკვეული შედეგები მოიტანოს. ბიზნესს ამ მიმართულევით აქვს საკუთარი მოსაზრებები და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს მოსაზრებები შესაბამის უწყებებამდე მივიტანოთ", - განაცხადა ლექვინაძემ.

კითხვაზე, რა არის მისი, როგორც ბიზნესომბუდმენის პრიორიტეტი, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის მთავარი ფუნქცია და ამოცანა არის მედიატორობა და უფლებების ადვოკატირება, რომლის ფარგლებშიც არსებობს ბევრი საკითხი, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატში შედის.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი ფორმულირება და კომუნიკაცია, როგორც ბიზნესთან, ასევე სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რადგანაც არის რიგი საკითხები, სადაც ჩვენ შეიძლება შევხედოთ რესურსს, რომ მისი გადაჭრა შესაძლებელია და ამ კუთხით თემას ბოლომდე გავყვებით, თუმცა შეიძლება არსებობდეს რიგი საკითხები, რომელთა გაკეთება დღეს შეიძლება იყოს შეუძლებელი, ან სცილდებოდეს ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს, ამიტომ ამ ნაწილში ბიზნესთან გვექნება აქტიური და გამჭვირვალე კომუნიკაცია - მათი მოთხოვნები რა ნაწილში შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული და რა ნაწილში შესაძლოა ამ ეტაპზე მისი დაკმაყოფილება შეუძლებელი იყოს, ამიტომ იმის მოლოდინი და ილუზია, რომ ჩვენ პირობითად შემოსული 10 საკითხიდან ათივეს უპრობლემოდ გადავჭრით, არ უნდა არსებობდეს. საჭიროა ყველა რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტილების მაქსიმალური მხარდაჭერა. ამ კუთხით შევხედავთ ჩვენამდე მოსულ ყველა ტიპის საკითხს", - განაცხადა ლექვინაძემ.