სექტემბრიდან თბილისში ”ღამის ავტობუსი” ივლის

თბილისის მოსახლეობა გვიან ღამით ქუჩებში უტრანსპორტობით შეწუხებულია.

როგორც დედაქალაქის მერიასა და ”თბილისის მიკროვტობუსში” აცხადებენ, ქალაქში მიკროავტობუსების ღამის რეისების დამატება არ იგეგემება, თუმცა, ყველაფერი მაინც მგზავრების ნაკადზეა დამოკიდებული და იმ შემთხვევაში, თუ, კონკრეტულ მარშრუტზე საათების დამატებას მოითხოვს, ამ საკითხს კომპანია აუცილებლად განიხილავს.

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის თქმით კი, ე.წ. ”ღამის მარშრუტების” ამუშავება სხვადასხვა მიმართულებით სექტემბრის თვიდან იქნება შესაძლებელი.

ღამის საათებში ტრანსპორტის პრობლემებზე გაზეთი ”რეზონანსი” თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსს, აკაკი ჯოხაძეს ესაუბრა.

”ავრტობუსების განრიგი გვაქვს შემუშავებული, არსებული რესურსით ამ და ასევე იმ მოთხოვნებით, რაც მოსახლეობას აქვს. საღამოს 11 საათზე, გარდა სოფლის მარშრუტებისა, ყველა ბოლო გაჩერებიდან ავტობუსი გამოდის, ანუ კეთდება ე.წ. საგარანტიო გასვლები.

გარდა ამისა, იყო სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის მოთხოვნა და ამიტომ ამ ეტაპზე ვამუშავებთ რამდენიმე მარშრუტს. ანუ გვინდა, როგორც ევროპაშია, ასე იყოს და ”ღამის მარშრუტმა” იფუნქციონიროს. როცა ძირითადი ავტობუსები ჩერდება , ”ღამის ავტობუსი” მუშაობას მაშინ იწყებს.

ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ კვლევას, კონკრეტულად რომელ რაიონზეა უფრო მეტი მოთხოვნა, შესაბამისად, ისე დავაყენებთ შემდეგ ავტობუსებს. კვლევა ამ თვის ბოლოს უნდა დამთავრდეს და რეალურად უკვე გამზადებული იქნება რამდენიმე მარშუტი. ამის შემდეგ ხარჯთაღრიცხვა მოხდება და შემდეგ უკვე სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება, რომ ქალაქში სპეციალური ე.წ ღამის მარშრუტები დაინიშნოს.

ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ პიკის საათებში მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ამ მიმართულებით უკვე გეგმაც გვაქვს, თუ კონკრეტულად რომელ მარშრუტებზე, რა რაოდენობის ავტობუსებია დასამატებელი.

დღეის მდგომარეობით ავტობუსების სიმწირიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს. თუმცა, შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ, რომ პიკის საათებში ავტობუსები დავამატოთ და მოსახლეობას ნორმალური გადაადგილების საშუალება მივცეთ”,- განაცხადა ჯოხაძემ.

”მთელი კვირა” შპს ”სატრანსპორტო კომპანიის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ თამაზ რობაქიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ავტობუსების განრიგი, მგზავრთა ნაკადზეა დამოკიდებული.

”ქალაქში ავტობუსების განრიგი ინდივიდუალურია. ზოგი მარშრუტით მოძრავი ავტობუსი მუშაობას უფრო ადრე ამთავრებს, ზოგი - უფრო გვიან. ეს დამოკიდებულია მგზავრთა ნაკადზე. ამ ეტაპზე ღამის ავტობუსების მოძრაობა დაგეგმილი არაა, ჩვენი კომპანია მარშრუტების მოძრაობის სქემაში ჩართულია. თუმცა, სატრანსპორტო პოლიტიკას ჩვენ არ განვსაზღვრავთ.

კონკრეტული ცვლილება დაგეგმილი არ გვაქვს, რადგან ეს ყოველივე ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენი კომპანია სახელმწიფო დოტაციაზეა და შესაბამისად, დამატებითი ავტობუსების დაყენება ხარჯებთანაა დაკავშირებული,”- განაცხადა რობაქიძემ.

”მიკროვატობუსები მუშაობას ერთი და იმავე დროს არ ამთავრებენ. არის ”მარშუტკები”, რომლებიც გვინაობამდე მუშაობს. მათი მუშაობა მგზავრთა ნაკადზეა დამოკიდებული. მარშრუტზე, რომელზეც მოთხოვნა უფრო არის, შესაბამისად, ისინი გვიანობამდე მუშაობენ. ჩვენს კომპანიაში ცხელი ხაზი მოქმედებს, სადაც პრეტენზიებს ვიღებთ. არის შემთხვევები, როცა მოსახლეობა კონკრეტულ მარშრუტზე ტრანსპორტის დამატებას ითხოვს და ამ შემთხვევაში, მიკროავტობუსები გვიანობამდე მუშაობენ, ”- განაცხადა ”მთელ კვირასთან” კომპანია ”თბილისის მიკროვატობუსის” პიარმენეჯერმა ლიკა ორჯონიკიძემ.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ მიკროავტობუსებმა გვიანობამდე იმუშავოს, აუცილებელია, რომ მომხმარებელმა რომელიმე კონკრეტულ მარშრუტზე დამატებითი დრო მოითხოვოს.

”ამ შემეთხვევაში ჩვენ გავითვალისწინებთ მოთხოვნას და აუცილებლად დავამატებთ დროს. ხოლო თუ მოთხოვნა არ იქნება, ასეთ შემეთხვევაში ტყუილად მიკროავტობუსები არ იმუშავებენ,”- ამბობს ორჯონიკიძე.

თბილისის მცხოვრები ქეთი ჯანიაშვილი შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ თბილისის ქუჩებში ტრანსპორტი გვიანობამდე არ მუშაობს. ”სამსახურს 10-ზე ვამთავრებ და რომ გამოვდივარ, სახლში მიმავალი არცერთი ტრანსპორტი აღარ არის ხოლმე, რაც ძალიან ცუდია. ყოველთვის იმის ფული არ მაქვს, რომ ტაქსით სიარული შევძლო.

ჩემი სამსახური წერეთელზეა და სახლში მისასვლელად 141 ნომერი მარშრუტი მაწყობს, იქნებ ვინმემ მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს და მიკროავტობუსები გვიანობამდე დააყენონ. საშინელებაა, როცა 10 საათზე ქალაქში უკვე ტრანსპორტი არ მოძრაობს,”- ამბობს ჯანიაშვილი.

ანი ფაცია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”