2017 წლის ბოლოს საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულმა საგადახდო ბარათების რაოდენობამ 9 055 256 ერთეული შეადგინა. აქედან 769 598 საკრედიტო ბარათია, ხოლო 8 285 658 საგადახდო სადებეტო ბარათი.
საკრედიტო ბარათებში ყველაზე დიდი წილი VISA-ს უკავია. 349 351 ბარათი, ანუ მთლიანი მოცულობის 45% სწორედ Visa-ზე მოდის. MasterCard-ის ბარათების რაოდენობა კი 308 020-ს შეადგენს. 112 227 ბარათი დანარჩენ სისტემებზე (AMEX, Local, UPI) ნაწილდება. სადებეტო ბარათების შემთხვევაში, ყველაზე დიდი წილი Mastercard-ს უკავია, - 47% (3 931 680). Visa-ს წილი სადებეტო ბარათებში 25%-ია (2 129 896 ცალი).
რაც შეეხება, რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელებული ოპერაციების მოცულობას, 2017 წლის დეკემბერში მან 17 475 381 ერთეული შეადგინა, მთლიანი მოცულობით - 1 897 983 000 ლარი. ბანკომატებით განხორციელდა 1 526 252 000 ლარის მოცულობის 5 913 962 ოპერაცია, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში არსებული პოს–ტერმინალებით და ინტერნეტით კი 11 514 632 ოპერაცია, მთლიანი მოცულობა 360 642 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დეკემბერში რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელდა 12 989 321 ოპერაცია, მთლიანი მოცულობით 1 274 844 000 ლარი. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთ წელიწადში ოპერაციების რაოდენობა 34,5%-ით გაიზარდა, თახნის მოცულობა კი 48,8%-ით.