ბრიტანელ მილიარდერებში ”ჩამოსულები” ლიდერობენ

რამდენიმე დღეში,Times-ი ბრიტანელი მილიარდერების ნუსხას გამოაქვეყნებს.საინტერესოა, რომ წელს პირველად, ბრიტანეთში მცხოვრები მილიარდერების რიცხვმა ერთ ასეულს გადააჭარბა. უფრო ზუსტად კი, დღეს ქვეყანაში 104 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო ქონება 301 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, რაც 507 მილიარდ დოლარზე მეტია.

სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთი მსოფლიო ლიდერია ერთ სულ მოსახლეზე მილიარდერთა რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ მათი ყველაზე დიდი კონცენტრაცია ლონდონში შეინიშნება - 72 ადამიანი. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა მოსკოვი, ოღონდ დიდი სხვაობით, სადაც 48 მილიარდერი ცხოვრობს.

დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდრებს შორის პირველი ადგილი, წარმოშობით ინდოელ ძმებს, შრი და გოპი ხინდუდჟებს ერგოთ. ისინი კონგლომერატ Hinduja Group-ის მფლობელები არიან და მათი ქონება 11,9 მილიარდ ფუნტს შეადგენს (დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი). დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ინდოელმა ძმებმა მილიარდებით გადაუსწრეს რუს მაგნატს, საფეხბურთო კლუბ ”არსენალის” მფლობელს ალიშერ უსმანოვს, რომლის ქონება 10, 65 მილიარდი ფუნტია (17,95 მილიარდი დოლარი).

ყველაზე მდიდარი მკვიდრი ბრიტანელი კი კვლავ ვესტიმსტერის ჰერცოგია, რომლის კაპიტალი 8,5 მილიარდ ფუნტად (14,3 მილიარდი დოლარი) არის შეფასებული. ბრიტანელი მილიარდერების ასეულში მას მხოლოდ მეათე პოზიცია უკავია.

როგორც Sunday Times იუწყება, მილიარდერების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, 88-დან 104-მდე. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მათი ”საერთო წონა”, დაახლოებით 56 მილიარდი ფუნტით. დღეს რომ დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდრების 50-ს შორის მოხვდე, აუცილებელია, რომ შენი ქონება 1,7 მილიარდ ფუნტს შეადგენდეს. არადა ჯერ კიდევ 10 წლის წინ ამისთვის 700 მილიონიც კი საკმარისი იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ნახტომი მილიარდერთა სიისკენ პეროდოს ოჯახს ეკუთვნის, რომლის მფლობელობაშია გაზისა და ნავთობის ფრანგულ-ინგლისური კომპანია Perenco. ქერი და ფრანსუა პეროდოს ქონება 6,14 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული და ისინი პირველად აღმოჩნდნენ დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდართა შორის. ნუსხაში სხვა ახლადგამომცხვარი მილიარდერებიც არიან, მათ შორის მუსიკალური პროდიუსერი კამერონ მაკინტოში და რიელტორული კომპანიის დამფუძნებელი ჯონ ჰანტიც. უკვე კარგად ცნობილი ყველაზე მდიდრებიდან კი ნუსხაში შეხვდებით ”ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩს, ცნობილი სპორტული მაღაზიების ქსელის, Sport Direct-ის მფლობელს მაიკ ეშლის და Virgin Group-ის დამფუძნებელს რიჩარდ ბრენსონს.