დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩასანაცვლებელ ავტომობილებს უფრო ეკონომიური მანქანებით შევცვლით

"ჩასანაცვლებელ ავტომობილებს უფრო ეკონომიური მანქანებით შევცვლით ", - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ ავტომობილებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

„ვფიქრობ, ამ მიმართულებით მთავრობის კანცელარია უფრო დაზუსტებულ კომენტარს გააკეთებს. მე რაც შემიძლია გითხრათ, ავტომობილებს, რომელიც ჩასანაცვლებელი იქნება, რა თქმა უნდა, უფრო ეკონომიური მანქანებით შევცვლით“, - აღნიშნა ქუმისიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობას შავი ჯიპებით სიარულზე უარის თქმის ინიციატივით მიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, დროა საქართველოში დასრულდეს შავი ჯიპების ეპოქა, რადგან „ეს ყველას აღიზიანებს“.

„დროა საქართველოში დასრულდეს შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ეს ყველას აღიზიანებს, მათ შორის, არ დაგიმალავთ და მეც. ეს არის რაღაც გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა. ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება პარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი ვთქვათ. ვფიქრობ, რომ დროა გადავიდეთ პირველ რიგში, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ პირველ რიგში, მინისტრების დონზე. მაგრამ ეს ეხებათ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთალიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ შორის, ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცველმა. ამიტომ ეს დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანადათან ყველგან გავრცლდება. ამას ჩვენ ერთბაშად ვერ გავაკეთებთ, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ მინისტრებმა დავიწყოთ და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.