აშშ-ში შრომის ბაზარი კვლავ აღმავლობის გზაზეა

პარასკევს გამოქვეყნებულმა აშშ-ის შრომის ბაზრის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკა კვლავ აღმავლობის გზაზეა, რაც ფედრეზერვს მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების საბაბს აძლევს.

სამივე ძირითად მაჩვენებელზე დადებითი დინამიკა დაფიქსირდა.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ უმუშევრობის დონე კვლავ 4.1 პროცენტზე დარჩა, რაც ბოლო 17 წლის საუკეთესო მაჩვენებელია. ფედრეზერვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ იანვარში საათობრივი ანაზღაურების ზრდის მაჩვენებელი ისევ 0.3 პროცენტია. ამასთან, დეკემბრის ანალოგიური მაჩვენებელი კორექციის შემდეგ 0.4 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, საათობრივი ანაზღაურების წლიური მაჩვენებელი 2.9 პროცენტს აღწევს, რაც 2009 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

და რა თქმა უნდა, ფედრეზერვის და ბაზრის ყურადღების ცენტრში ყოველთვის არის არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა რაოდენობა (NFP). ამ მხრივაც დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია. კერძოდ, არასასოფლო სფეროში სულ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც პროგნოზულ მაჩვენებელზე მეტია.

უნდა ითქვას, რომ ანაზღაურების ზრდის არასაკმარისი ტემპი, რომელიც ადრე ფიქსირდებოდა, ინფლაციის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონემდე მიყვანის საქმეში, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო. მაგრამ უკვე რამდნმე თვეა, რაც ამ მხრივაც გამოსწორდა საქმე, რაც ფედრეზერვს დოლარის საპროცენტო განაკვეთის აწევასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს. ცნობისათვის, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ანაზღაურების 0.3 და მეტი პროცენტით ზრდა, ინფლაციის სასურველ ნიშნულამდე მიყვანის საუკეთესო საშუალებაა.

გარდა ამისა, ბევრი კომპანია, მათ შორის ჰიპერმარკეტების ქსელი „ვალ-მარტი“ არ მალავენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გატარებული საგადასახადო რეფორმის წყალობით, მათ თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის საშუალება მიეცათ. ამის საფუძველზე, ING-ს ეკონომისტები მოელიან, რომ ხელფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს. ეს კი იმის საფუძველს შექმნის, რომ ფედრეზერვმა თავის შემდგომ სხდომაზე, დოლარის საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს. უფრო მეტიც, ING-ს ეკონომისტების ვარაუდით, ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ფედრეზერვი დოლარის განაკვეთს წელს სამის ნაცვლად, ოთხჯერ გაზრდის.

ეს გარემოება დოლარის ინდექსზეც აისახა. კერძოდ, შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ინდექსი 89.10-მდე გაიზარდა. ამის კვალობაზე, 1 335.30 დოლარამდე დაიკლო ტროას უნცია ოქროს ფასმა. ასევე შემცირდა სააქციო ფიუჩერსების ფასებიც.

იმის მოლოდინში, რომ ეკონომიკის დადებითი დინამიკის კვალობაზე, შეერთებული შტატების ხაზინა მის ხელთ დაგროვილი აქტივების გაყიდვას და საგარეო ვალების გასტუმრებას დაიწყებს, ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა 10-წლიანი ობლიგაციების მომგებიანობა, რომელიც 2.8-პროცენტიან ზღვარს ასცდა.