ომის შედეგად დაზარალებული სოფლების 20 000 ჰა მიწის სარწყავი სისტემა გაუმჯობესდება

2014 წლის ივლისამდე, ომის შედეგად დაზარალებული 30 სოფლის 20 ათას ჰექტრამდე მიწის სარწყავი სისტემა გაუმჯობესდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერი დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბში ტირიფონისა და სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტირიფონისა და სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტზე, რომლის ღირებულებაც 14 მილიონ ლარს აჭარბებს, ასამდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ირაკლი ღარიბაშვილს მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, სალთვისის და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები საოკუპაციო ხაზს მიუყვება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, "ომისგან დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია". პრემიერის შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტები უდიდესი მხარდაჭერაა ე.წ საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ბევრი სირთულის მიუხედავად, თავიანთ მეურნეობებს ინარჩუნებენ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონფლიქტების მოგვარების წინაპირობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებაა, რისკენაც საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.