მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა, კონსტრუქციებს არ შეხებიან, ამიტომ ჩატარდა მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები , - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ტექნიკურ საკითხებში, ლევან მეხრიშვილმა განუცხადა, რომელსაც 2017 წლის სექტემბერში ტექნიკურად გამართული რეაბილიტირებული მოტროსადგურის ექსპლუატაციაში ჩაბარება ევალებოდა.
მისი თქმით, 5 თვის წინ, ყველა პროცედურა დაიცვა და „ყვარელრემშენისგან“ გარანტიაც მიიღო, რომ მეტროსადგური ათი წლის განმავლობაში გამართულად იმუშავებდა. ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად მეხრიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები ჩატარდა.
მისივე თქმით, ახალი ჭერი ძველ კონსტრუქციაზე გააკრეს და მისი მდგრადობაც ინჟინერ-კონტრუქტორმა გამოცადა, თუმცა მეხრიშვილს არ ახსოვს იმ ინჟინერ-კონსტრუქტორის სახელი და გვარი, რომელმაც ახალი კონსტრუქციის მდგრადობა გამოსცადა.
კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი პირი, მეხრიშვილი აცხადებს, რომ ახლა ამაზე საუბარი არასერიოზული იქნება.
„ახლა ამაზე ლაპარაკი არასერიოზული იქნება. დაველოდოთ გამოძიებას, რომელშიც შსს და სამხარაულის ექსპერტიზა არის ჩართული. ვნახოთ, რას გვეტყვის გამოძიება“, - განაცხადა მეხრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.