"საზოგადოება და ბანკები" ეკონომიკურ მედია სკოლას ხსნის

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ეკონომიკურ მედია სკოლას ხსნის.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროექტის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება - ეკონომიკის ძირითადი ცნებების, თეორიების და კატეგორიების შესწავლა.

პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია Junior Achievement-თან ერთად ხორციელდება, რომელსაც ეკონომიკური განათლების კუთხით თითქმის ასწლიანი გამოცდილება აქვს.

ეკონომიკური მედია სკოლის პირველი ნაკადი 20 ჟურნალისტისგან შედგება, რომლებიც საქართველოში მოქმედ 18 მედია საშუალებას წარმოადგენენ. ჟურნალისტები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლიან. ტრენინგებს Junior Achievement-ის ტრენერები და მოწვეული ლექტორები ჩაატარებენ.

სასწავლო კურსი, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მედია სკოლის ტრენინგები 13 მაისიდან დაიწყება.