ზოგადი განათლების არმქონე პირებს პროფესიულ განათლებასთან ერთად ატესტატის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსმა, მარიკა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ შესაძლებლობას „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტი იძლევა.
„დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ არიან ბავშვები, რომლებმაც დაამთავრეს 9 კლასი და მოვიდნენ პროფესიულ განათლებაში იმისთვის, რომ ზედა საფეხურზე გადასულიყვნენ, საჭირო იყო ზოგადი განათლების ატესტატი. ან თუ მათ სურდათ ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ამისთვისაც ზოგადი განათლების ატესტატი იყო საჭირო. უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ სკოლაში, აეღოთ ატესტატი და შემდეგ ჩაებარებინათ ეროვნული გამოცდები. ეს იყო ჩიხი და არასწორი. ახლა კანონით იქნება შესაძლებლობა, რომ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ ზოგადი განათლების ატესტატი აიღონ, ამის საშუალება პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად შეეძლებათ. პროფესიული განათლებისთვის საკმარისია 9 კლასის ატესტატი, მაგრამ მე-4 საფეხურზე გადასასვლელად საჭირო იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სწავლის შედეგები მე-10, მე-12 კლასებში ქართულ ენაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ეს იქნება ცალკე პროგრამა, სადაც სწავლის შედეგები შერეულია პროფესიულ კონტექსტთან. თუ პირი სწავლობს დურგლობის მიმართულებით, ის „შუშანიკის წამებას“ კი არ ისწავლის, განივითარებს სხვა პროგრამით იმ უნარებს, რაც ქართულის სწავლებით არის შესაძლებელი. კონტექსტი შეიძლება იყოს ტექსტების დამუშავება, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული. ის მაინცდამაინც მასალას არ ეყრდნობა, რაც კლასიკურად სკოლაშია, მაგრამ იგივე სასწავლო შედეგზე გადის. ასევე ხდება დანარჩენ საგნებშიც“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ატესტატის მისაღებად საჭირო იქნება გამოცდის ჩაბარება, თუმცა, არა CAT-ის გამოცდის.
„რადგან ატესტატის აღებისთვის სკოლაში არსებობს CAT-ის გამოცდა, აქაც ექნებათ ჩასაბარებელი გარკვეული ტიპის გამოცდა იმისთვის, რომ მიიღონ ატესტატი, მაგრამ ეს არ იქნება CAT. თუ როგორი ტიპის იქნება ეს გამოცდა ახლა ამას ვერავინ გეტყვით იმიტომ, რომ ეს დამუშავებული არ არის. მაგრამ ცალსახად CAT ეს ვერ იქნება, რადგან მათი სწავლის კონტენტი არის განსხვავებული, ვიდრე სკოლის მოსწავლეების. ანუ პირი, რომელიც პროფესიულ განათლების დიპლომთან ერთად ზოგადი განათლების ატესტატსაც იღებს, ორი ტიპის გამოცდას აბარებს. როგორი გამოცდა იქნება და რა ერქმევა გამოცდას, ეს ჯერ განსაზღვრული არ არის. ეს პროგრამა იქნება ცოტა უფრო გახანგრძლივებული, ვიდრე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს სკოლა და მხოლოდ დურგლის ხელობის შესასწავლ პროგრამაზე შემოიტანა განაცხადი. საგნისა და პროფესიის ინტეგრირებული პროგრამა ცოტა უფრო ხანგრძლივი იქნება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სამინისტროს წარმომადგენელი გამორიცხავს, რომ ატესტატის აღებისას, შესაძლოა, ე.წ. შავი ხვრელები გაჩნდეს.
„ეს ვერ მოხდება, რადგან ატესტატის ასაღებად პირს აქაც გამოცდის ჩაბარება უწევს. ეს გამოცდები არ იქნება უფრო ადვილი, ესეც იქნება ცენტრალიზებული, ორგანიზებული, დაცული იქნება პრინციპი, რაც სკოლის შემთხვევაშია. გაკონტროლებული, გამჭვირვალე პროცესი, სავარაუდოდ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ იქნება ორგანიზებული. პრინციპი არ დაირღვევა იმიტომ, რომ ხვრელები არ გაჩნდეს“, - განუცხადა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.