გიორგი ვაშაძე : ეკონომიკური სტაგნაცია გრძელდება

სამწუხაროდ, ეკონომიკური სტაგნაცია გრძელდება და უფრო სამწუხაროა ის, რომ ბოლო დღეებში ისევ გაიზარდა ბენზინის ფასი.

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა. "ეს არის აქციზის გადასახადის მოხსნა ბენზინზე და გაზზე, რაც 1 ლიტრი ბენზინის 20-დან 25 თეთრამდე გაიაფებას გულისხმობს. შესაბამისად, ამ პირობებში, როდესაც ეკონომიკური სტაგნაციაა, როდესაც ბენზინის ფასი იმატებს, ეს მართლაც კარგი და სწორი ნაბიჯი იქნება. ვიღაც შეიძლება იტყვის, რომ 200 მილიონი ლარი, რომელიც შეიძლება დააკლდეს ბიუჯეტს, საიდან უნდა შევავსოთ. პირველი - არ ვიქეიფოთ ბიუჯეტის ხარჯზე, შემდეგ, ნუ გაზრდით ადმინისტრაციულ ხარჯებს, ნუ დავასაქმებთ მხოლოდ ნათესავებს და ნუ გავუზრდით მათ ხელფასებს", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხშირად ეკითხებიან მათ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რატომ არ მოხსნა ეს გადასახადი. "მე შეგახსენებთ, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს გადასახადები 23-დან 5-მდე ჩამოვიდა და განაკვეთი შემცირდა აბსოლუტურად ყველა გადასახადზე. საშემოსავლო გადასახადი 20-დან 18%-მდე უნდა შემცირებულიყო 2013 წლიდან და ამაზე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა. ჩვენი ხედვა იყო, რომ წლიდან წლამდე შემცირებულიყო გადასახადები, რომ ეკონომიკის ზრდისთვის მეტი სტიმული მიგვეცა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე უარი თქვა სახელმწიფომ, ამას დაემატა რეგულაციები, ტყუილი, უუნარობა, გაჩერებული პროექტები, გაქცეული ინვესტორები და საბოლოო ჯამში უმუშევრობა იზრდება, ხალხს უფრო და უფრო უჭირს", -აღნიშნა ვაშაძემ.