10 ავტოგასამართი სადგურის შემოწმებისას დიზელის საწვავში გოგირდის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

2017 წლის დეკემბერში გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი საქართველოს მაშტაბით, 10 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მიაწოდეს.

მათივე ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, საკვლევი დიზელის საწვავის რიგ ნიმუშებში გოგირდის ზედმეტი შემცველობა დაფიქსირდა.

კერძოდ, დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა 308-372 მგ/კგ-ს ფარგლებში მერყეობდა. მაშინ როცა, დადგენილი ნორმებით, მისი შემცველობა 2017 წლის იანვრიდან არაუმეტეს 100 მგ/კგ უნდა იყოს.

რაც შეეხება ბენზინს, კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ საკვლევი ბენზინის ნიმუშებში გოგირდისა და ტყვიის შემცველობები მთავრობის დადგენილებით მოთხოვნილ ნორმებს აკმაყოფილებდა.

აღსანიშნავია, რომ ავტოგასამართი სადგურები, სადაც საწვავის ხარისხი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, 8 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ფულადი სანქციებია განსაზღვრული ასევე ხარისხობრივ ნორმებთან შეუსაბამო საწვავის იმპორტის შემთხვევაშიც, რა დროსაც კომპანია 10 ათასი ლარით ჯარიმდება, ხოლო უხარისხო საწვავის წარმოება-გამოშვებაზე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს 9 ათასი ლარით დაჯარიმებაა გათვალისწინებული.