ანაკლიასა და ურეკში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონებში - ანაკლიასა და ურეკში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს - წყალარინების (კანალიზაციის) ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 2 გამწმენდი ნაგებობა და თითოეული განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით (აზოტისა და ფოსფორის ელემენტების მოცილების ჩათვლით), რაც მნიშვნელოვანია გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხის შესამცირებლად.

საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებით ზედაპირული წყლების დაბინძურება ერთ-ერთ მწვავე ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ კუთხით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხელს შეუწყობს გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას, დაიცავს მას არასაკმარისად გაწმენდილი ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისგან.

ბიოლოგიური მეთოდით გაწმენდილი წყალი, თანხვედრაშია გარემოს დაცვითი რეგლამენტის მოთხოვნებთან, შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ასევე, თანხვედრაშია საქართველოს მიერ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციით აღებულ ვალდებულებებთან.

ანაკლიასა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მიმდინარე მშენებლობის საერთო ღირებულება 34 458 437 ლარია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.