„ტენდერებისა და შესყიდვების მოგების საეჭვო ფაქტებზე პროკურატურას ადეკვატური რეაქცია რომ ჰქონდეს, ამ სფეროში ამგვარი ვითარებაც არ იქნებოდა“

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” ექსპერტს,ლევან ნატროშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ”ღია ბიუჯეტის” ინდექსით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის საქართველო მეხუთე ადგილზეა. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ის, რომ ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალეობის კუთხით საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორისაა, წარმოუდგენელია არ გვახარებდეს. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც არ მახსენდება ხელისუფლების აქტიურობა სწორედაც რომ ბიუჯეტის ხარჯვაზე საჯარო სივრცეში ინფორმაციის გავრცელების ინიციატივებით.

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით, შემდეგი სამი წელი საქართველო კვლავაც იქნება ლიდერ ქვეყნებს შორის როგორც ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალეობის, ასევე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ძალიანაც კარგი თუ ასე იქნება, მით უმეტეს, რომ ქვეყანას ინვესტიციები მართლაც სჭირდება. რადგან ინვესტიციების ოდენობა მაინც მომავლის საქმეა, მოდით, იმაში გაგვარკვიეთ კონკრეტულად რის გამო ვართ დაწინაურებული მსოფლიოში ”ღია ბიუჯეტის” ინდექსით?

- პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ”ღია ბიუჯეტის” ინდექსი როგორც წესი 2-3 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაზე გამჭვირვალობას. აქ ადგილობრივი ბიუჯეტები არ იგულისხმება და მხოლოდ ცენტრალურ ბიუჯეტზეა ლაპარაკი.

საუბარია იმაზე, თუ რამდენად მაღალკვალიფიციურად და კარგად ხდება იმ დოკუმენტების შედგენა და გასაჯაროება, რაც ხელს უწყობს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გასაჯაროებას.

აღიარება იმისა, რომ ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობის მიხედვით საქართველო მე-5 ადგილზეა ქვეყნის რეპუტაციისთვის კარგია... ეს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება, მაგრამ, ზოგადად, უცხოული ინვესტიციების მოზიდვისათვის კი ნამდვილად შეიძლება იყოს დამატებითი ფაქტორი.

კერძოდ, საერთაშორისო კრიტერიუმებით 8 დოკუმენტი უნდა იქნას შექმნილი, რომელსაც მთავრობა ჯერ უნდა ადგენდეს და შემდეგ აქვეყნებდეს. მათ შორის, ონლაინ ფორმით. სწორედ ამ დოკუმენტების დროულად და ხარისხიანად გამოქვეყნებას აფასებს ”ღია ბუიჯეტის” ინდექსის პირველი ნაწილი. ამ მხრივ არის საქართველო ამჟამად მეხუთე ადგილზე. ფაქტია, რომ საქართველო წინა კვლევასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაწინაურებულია. ანუ 11 ადგილით წინ გადავიწიეთ.

თუმცა, ამ კვლევაში არის კიდევ ორი ნაწილი - მოქალაქისა და საზოგადოების ჩართულობა და ბიუჯეტზე ზედამხედველობა. ამ მხრივ შედარებით მოკრძალებული შედეგები გვაქვს. ხუთეულში ნამდვილად არ ვართ, 20-ში შევდივართ. შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი ქვეყნის რეპუტაციისათვის კარგია. მიუხედავად იმისა, მინისტრი გამოთქვამს იმედს, რომ ეს ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, ეს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება, მაგრამ ზოგადად უცხოული ინვესტიციების მოზიდვისათვის ნამდვილად დამატებითი ფაქტორი შეიძლება იყოს.

- ბიუჯეტის ხარჯვის მონაცემებთან დაკავშირებით თქვენ 8 დოკუმენტი ახსენეთ, რომელიც ხელისუფლებამ ჯერ უნდა შექმნას და შემდეგ გამოაქვეყნოს. კონკრეტულად რას უნდა ეხებოდეს ეს დოკუმენტები?

- ეს გახლავთ საბიუჯეტო მონაცემების შესახებ დოკუმენტაციის მთელი ციკლი. შესაბამისად, ეხება საბიუჯეტო პროცესის ჩამოყალიბების ყველა ეტაპს. ძირითად მიმართულებებზე მონაცემებს, ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც მთავრობა პარლამენტს წარუდგენს და რომელიც მიღების შემდეგ კანონად იქცევა, შემდგომ არის საბიუჯეტო ხარჯების შესრულებაზე კვარტალური ანგარიშები, 6 თვის, 12 თვის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის ანგარიში.

მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გასაგები ენით იყოს დაწერილი და მოქალაქეებმა შეძლონ ბიუჯეტის ხარჯვაზე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიღება. ეს ის კრიტერიუმებია, რასაც გამჭვირვალეობის კუთხით უნდა ასრულებდეს მთავრობა.

გაგრძელება იხილეთ