თბილისის სატრანსპორტო კომპანია ვარკეთილის მეტროში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულ პირთა მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის განმარტებით, პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, ხოლო დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.
„30 იანვარს, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაზარალდა, რომელთაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მათი პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ასევე, თბილისის მერიის მიერ. როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.