ტერაბანკი 2017 წლის ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებს აქვეყნებს.
გასული წელი ბანკის განვითარებისთვის საეტაპო და ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრით წარმატებული აღმოჩნდა.
ბანკის მთლიანი სესხების მოცულობა 2017 წელს 22%-ით გაიზარდა და ამ ზრდამ 105,4 მილიონი ლარი შეადგინა. ტერბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან - მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე (SME და მიკრო) სესხები 76 მილიონი ლარითაა (49%) გაზრდილი, საცალო სესხები კი 30 მილიონი ლარით (25%). რაც შეეხება ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდის მაჩვენებელს, იგი 61 მილიონ ლარს (42%) შეადგენს. ბანკის წმინდა მოგება 16.3 მილიონი ლარია, ROE კი - 16%.
„მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ამ მიმართულებით ტერაბანკის საკრედიტო პორტფელი თითქმის 50%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერაბანკმა, როგორც ბიზნესის საიმედო ფინანსურმა პარტნიორმა, მყარად დაიმკვიდრა ადგილი. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური პირების დეპოზიტების 42%-იანი ზრდაც, რაც ტერაბანკის მიმართ მაღალ ნდობას ადასტურებს“, - აღნიშნავს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.
ტერბანკისთვის 2017 წელი საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისითაც წარმატებული აღმოჩნდა. ბანკმა ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანიისგან (FMO) გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი მოიზიდა. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისა და ბიზნესში ქალთა ჩართულობის მხარდაჭერის მიზნით, FMO-მ 31 მილიონი ლარი გამოყო. ტერაბანკისთვის ბიზნესში ქალთა ჩართულობა ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, ამიტომ იგი ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიასთან ერთად ქალებისთვის ახალი სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას გეგმავს.
„რებრენდინგის შემდეგ 2017 იყო ის პირველი წელი, როდესაც მომხმარებლების წინაშე ახალი სახელითა და ფილიალების ახალი კონცეფციით აქტიურად წარვდექით. წელი ყველა მაჩვენებლით წარმატებული აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ
მომხმარებელი ჩვენს ცვლილელებს პოზიტიურად შეხვდა და ისინი დადებითად შეაფასა“, - აცხადებს თეა ლორთქიფანიძე.
გასულ წელს ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სრულიად განახლებული, კომფორტული ინტერნეტბანკი წარადგინა. ამასთან, ბანკი რეგიონების მიმართულებითაც გაფართოვდა და ბათუმში - 2, ზუგდიდში კი 1 ფილიალი გახსნა. აქტიურად მიმდინარეობდა ფინანსური სახლის ახალი კონცეფციის განვითარებაც. 2018 წელს კი ბანკის მთლიანი ქსელი სწორედ ამ კონცეფციის შესაბამისად განახლდება.
ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, ტერაბანკში მიმდინარე წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ზრდას ვარაუდობენ. ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით აქტიური მუშაობა კვლავაც გაგრძელდება. იგეგმება ბანკის კლიენტებთან არასაკრედიტო კუთხით ურთიერთობის გაღრმავება და დამატებითი სერვისების შეთავაზებაც. თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით, ტერაბანკი აქცენტს ახალ ტექნოლოგიებსა და დისტანციური არხების განვითარებაზე გააკეთებს.
ტერაბანკი უკვე 18 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირდება. ბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს - დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით.
(R)