რუსეთმა უკრაინისთვის გაზის შეწყვეტის თარიღი დაასახელა

"გაზპრომი" დღეს "ნაფტოგაზს" ივნისის წინასწარ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც უკრაინამ 2 ივნისამდე უნდა გადაიხადოს.

"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ "გაზპრომის" მმართველობის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა.

"3 ივნისს, 10:00 საათამდე თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება", - განაცხადა მილერმა რუსეთის პრემიერ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრისას. მედვედევის თქმით, გაზთან დაკავშირებით უკრაინა წინასწარი გადახდის სისტემაზე უნდა გადაიყვანონ.

"ვფიქრობ, დროა შევწყვიტოთ ფერება, გააფრთხილეთ ისინი და უკვე ხვალიდან წინასწარ გადახდაზე გადაიყვანეთ. მიმაჩნია, რომ ყველა შესაძლო მეთოდები სიტუაციის დასარეგულირებლად უკვე გამოიყენა "გაზპრომმა", მაგრამ ჩვენი არ ესმით. რადგან ასეა, დროა, უკვე ვიმოქმედოთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება", - განაცხადა მედვედევმა.

მოსკოვში ამტკიცებენ, რომ უკრაინის რუსეთისადმი დავალიანება 3,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.