მალდივის კუნძულების პრეზიდენტმა აბდულა იამინმა ქვეყანაში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
1-ელ თებერვალს მალდივების უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ ნაშიდისა და კიდევ რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გააუქმა. მათ ბრალად ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა ედებოდათ. 2 თებერვალს ნაშიდმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
3 თებერვალს მალდივების პარლამენტმა უსაფრთხოების მიზნით დროებით შეაჩერა მუშაობა, ქვეყანაში პრეზიდენტის მომხრეების და მოწინააღმდეგეების მიტინგები გაიმართა.
4 თებერვალს მალდივების გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ანილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლო აბდულა იამინის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას აპირებს. დღეს კი პოლიციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აბდულა საიდი და კიდევ ერთი მოსამართლე დააკავა.