საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სააგენტო „ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრებისას, ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს შესაძლებლობებზე.
მისი თქმით, საქართველო „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა.
”ჩვენს ქვეყანაზე გადის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. საქართველო ავითარებს ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ფართო მასშტაბის რეგიონზე, ჩინეთის ჩათვლით. თუ შევხედავთ ვაჭრობას ჩინეთსა და თურქეთს შორის, მისი მოცულობა 30 მილიარდი დოლარია და სწორედ საქართველოზე გადის ყველაზე მოკლე გზა ამ ვაჭრობის ხელშესაწყობად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანა ხდება.
”რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოხარული ვართ, რომ ვხედავთ მზარდ ინტერესს მსხვილი კორპორაციების მხრიდან დაიწყონ ბიზნესი საქართველოში. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ბაზარს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საუბარია უფრო ფართო რეგიონზე. ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ფარავს ევროკავშირს, ჩინეთს, დსთ-ს ქვეყნებს. საერთო ჯამში, საუბარია 2,5 მილიარდზე მეტ ადამიანზე”, - განაცხადა ბახტაძემ.
ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა 2017 წელს ეროვნული ვალუტის მერყეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
"რა თქმა უნდა, ლარის კურსის მერყეობა ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელთან. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი გეგმა, რათა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. თუ შეხედავთ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ვალუტებს, დაინახავთ, რომ ლარი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა რეგიონში. იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს დოლარიზაციის დონის შემცირებას ეკონომიკაში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ლარის მერყეობა მნიშვნელოვნად დაბალი იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.