130 დოლარით დაწყებული ბიზნესი

130 დოლარით დაწყებული ბიზნესი და ხინკლაობა ქართველი მილიონერის ქორწილში.

ოფიციალურად ის მილიონერია, არაოფიციალურად კი მილიარდერი. ოფიციალურად ლევანი ჰქვია, მაგრამ ახლა ყველა ლევ ფარცხალაძედ იცნობს. რას იზამ, ნათქვამია: სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო და უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმაც იქაური სახელი მოირგო.

ლევან ფარცხალაძე 1971 წლის 26 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. მხატვრისა და პედაგოგის ოჯახში. 1986 წელს ოჯახთან ერთად კიევში გადავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა ფინანსების ევროპული უნივერსიტეტი, სპეციალობით - საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი და ბიზნესი. მისი "ნათლობა" ბიზნესში საკმაოდ უცნაურად შედგა: სტუდენტი იყო, როცა გაცვლითი პროგრამით, პრაქტიკაზე ბელგიაში უნდა წასულიყო. იქ წასასვლელად ჯიბის ფული სჭირდებოდა, ამიტომ მშობლებმა რამდენიმე ძვირფასი ნივთი გაყიდეს და შვილს 130 დოლარი შეუგროვეს, მაგრამ ბელგიელებმა მოლაპარაკება ჩაშალეს. ლევანმა, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, ეს ფული სადმე გასართობად კი არ დაეხარჯა, არამედ საქმეში ჩაედო და ტყავი შეიძინეს, რომლითაც სამოსი იკერებოდა. გართობას რაც შეეხება, ბიზნესმენს ერთ დროს თავად ჰქონდა ღამის კლუბი "დინამო ლუქსი".

ბიზნესს სერიოზულად ის 1994 წლიდან მოეკიდა. იყო "კორონა-კლუბის" გენერალური დირექტორი. 1994 წელს დააფუძნა ჯგუფი "XXI საუკუნე". ამჟამად ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ჯგუფის პროფილი, ძირითადად, სავაჭრო, საოფისე, ლოჯისტიკის, სასტუმრო და საცხოვრებელი სამშენებლო პროექტების განვითარება და მართვაა. მის შემადგენლობაში შედის: სავაჭრო ქსელი "კვადრატი", "შვიდკოს" სწრაფი კვების ობიექტები, რესტორნები "პერვაკი", "ცარსკოე სელო", "CCCP", "ტარასი" და "კორონა", ოფისები კიევსა და უკრაინის მსხვილ ქალაქებში, 3-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, მრავალფუნქციური კომპლექსები, თანამედროვე ლოჯისტიკური ქსელი, პრემიუმ და ბიზნეს-კლასის საცხოვრებლები. 2005 წელს მან "XXI" საუკუნის აქციების 35% გაყიდა და ამით კომპანიაში უდიდესი ინვესტიციები მოიზიდა. ეს იყო იმ დროს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ოპერაცია. 

ბოლო წლებში ფარცხალაძე უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაშია. 2008 წელს ჟურნალმა "ფოკუსმა" ბიზნესმენის ქონება - 510 მილიონ დოლარად, ხოლო მისი კომპანიის პროექტების პორტფელი 2 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამ მონაცემებით იგი 100 ყველაზე მდიდარ უკრაინელს შორის 53-ე ადგილზე გავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ გამოცემა "კორესპონდენტმა" იგი უკვე 580 მილიონი დოლარით 37-ე ადგილზე გადმოწია, თან მიუთითა, რომ ბიზნესმენის ქონება ბოლო 1 წლის განმავლობაში 204 მილიონი დოლარით გაიზარდა.

2002 წელს ლევან ფარცხალაძე კიევის საბჭოს დეპუტატი იყო. 2008 წელს მან დეპუტატის მანდატი კვლავ მიიღო. ბიზნესმენი უკრაინის სამშენებლო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მეწარმეთა გაერთიანება "ნოვაია ფორმაციას" ლიდერია. მას 2001 წელს უკრაინის დამსახურებული ეკონომისტის ტიტული მიანიჭეს. 2012 წელს ფარცხალაძემ კიდევ ერთხელ სცადა ბედი პოლიტიკაში და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მაგრამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. რა გასაკვირია, რომ ვიტალი კლიჩკოს ყოფილ თანაპარტიელს ხშირად ხედავდნენ ბოლო დროს კიევში, ევრომაიდანზე მიმდინარე აქციების მონაწილეთა შორის.

ლევან ფირცხალაძემ ორჯერ იქორწინა, ორივეჯერ უკრაინელ მოდელზე, მას ორი შვილი ჰყავს დავითი და ეგორი. დავითის დედა მოდელი ნატალია სობჩენკოა. მეორე ცოლი კი ასევე მოდელი ლესია ფარცხალაძე, რომელთანაც ეგორი და ანგელა ჰყავს. უკრაინულ ბომონდში დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ მათ ქორწილზე. ამბობენ, რომ ეს იყო ნამდვილი ქართული ქორწილი, 1000 კაციანი სუფრით. სტუმრებს შორის იყვნენ: ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ტარიელ ვასაძე, ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო, მოკრივე ვიტალი კლიჩკო. ქორწილის თამადა კი ცნობილი ტელეწამყვანი, ვალდის პელში ყოფილა. ლევმა და ლესიამ ქორწილი სოფელ კრასნოში გადაიხადეს. მართალია, სუფრას სუში და ხიზილალა არ აკლდა, მაგრამ სტუმრები მაინც ქართულ კერძებს ანიჭებდნენ უპირატესობას, რომელთა მოსამზადებლად ნეფე-დედოფლმა მზარეულები საქართველოდან მიიწვიეს. სუფრას არც ცხელ-ცხელი ხინკალი მოაკლეს, რასაც ქორწილის სტუმრები გემრიელად შეექცეოდნენ.

ამბობენ, რომ ბოლო დროს ლევან ფარცხალაძე თავის მომხიბვლელ მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოს. განსაკუთრებით კი განახლებული ბათუმი მოსწონს და იქ გადაღებული ფოტოები, Facebook-ზე, თავის პერსონალურ გვერდზე უდევს.

bpn

bpn