„რეზონანსი" - რეგიონებში სახლის შეძენა არავის უნდა

რეგიონებში უძრავი ქონების რეალიზაცია უჭირთ.

მოთხოვნა თითქმის აღარ არის როგორც ახალი, ასევე მეორეული საცხოვრებელი ფართების მიმართ თბილისის ახლომდებარე დაბებისა და სოფლებისგან განსხვავებით, უძრავი ქონების ბაზარი რეგიონებში თითქმის მკვდარია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თუ შედარებით დიდ ქალაქებში იშვიათად მაინც არის შესაძლებელი ფართის გაყიდვა, მთიან რეგიონებში ეს საერთოდ წარმოუდგენელია. როგორც მშენებლები ამბობენ, საქართველოს მასშტაბით, ბევრი ისეთი ქალაქი და სოფელია, სადაც უძრავი ქონების მყიდველს წლობით ელოდებიან.

რეგიონებში საცხოვრებელი ფართების ფასი ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა, რადგან მოთხოვნა არ არის. უძრავი ქონების ექსპერტ მზია თოლორდავას თქმით, რაიონებში კარგად მხოლოდ მიწა იყიდება, განსაკუთრებით - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. სხვა აქტივობა იქ ნაკლებად შესამჩნევია.

"ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ზოგჯერ 2-3 თვე ისე გავა, რომ რეგიონში სახლს ვერ გაყიდი. მნიშვნელობა არ აქვს, ფართი კეთილმოწყობილია თუ არა, რეალიზაცია ძალიან ჭირს. ეს პრობლემა ნაკლებად ეხება დიდ ქალაქებს, სადაც უძრავი ქონების ყიდვა-გნაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით – თუ სახლი საკურორტო ზონაში მდებარეობს. ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ზუგდიდი, სენაკი, ხობი, წყალტუბო, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ტყიბული და სხვა, საცხოვრებელი ფართები ძალიან ძნელად იყიდება. ცხადია, იგივე პრობლემაა მათ ახლომდებარე სოფლებში, სადაც მხოლოდ მიწაზეა მოთხოვნა შენარჩუნებული.

თუ ფართი არ არის პრობლემური, საბანკო ვალდებულებით დატვირთული, რეალურად ვერც გაყიდი. ასეთი კი, როგორც მოგეხსენებათ, მიზერულ ფასად რეალიზდება, მათ მფლობელებს ვალის გამოისობით უწევთ დათმობაზე წასვლა. სხვა შემთხვევაში ფასი მაღალია, დაახლოებით ისეთივე, როგორიც 2-3 წლის წინ იყო. ცხადია, არ ვგულისხმობ თბილისის ახლომდებარე სოფლებსა და აგარაკებს, სადაც მოთხოვნა არის და ფასიც საკმაოდ გაზრდილია", - ამბობს თორდინავა.

როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, რეგიონში სახლის გაყიდვის მსურველებს ბოლო დროს სერიოზული პრობლემა შეექმნათ, რადგან საკუთარი ქონების გასხვისებას ვერ ახერხებენ. თამაზ ცაბაძეს სახლი წყალტუბოში აქვს. როგორც ამბობს, მსურველი იშვიათად აკითხავს, ხოლო რეალური მყიდველი ჯერჯერობით არ მოიძებნა.

"წყალტუბოში ორსართულიანი სახლი მაქვს, საკმაოდ კეთილმოწყობილი იმისთვის, რომ ინტერესი ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, საქმე ბლომდე ვერ მივიყვანე, რამდენიმე შემთხვევაში ფასში ვერ შევთანხმდით. ხალხს ფული არ აქვს და ვერ ყიდულობს. ვისაც მცირე დანაზოგი შემორჩა, საცხოვრებელი ფართის შესაძენად არ კმარა.

ცხადია, ქონებას ჩალის ფასად ვერ შეველევი, მით უმეტეს, არც ბანკის ვალი მაქვს და არც მევახშის, რომ გროშებად დავთმო მამაპაპისეული სახლი. ამიტომ დღემდე ველოდები მყიდველს, ადგილობრივი მაკლერებიც ჩავრთე საქმეში, მაგრამ ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია", - ამბობს თამაზ ცაბაძე.

გიული კონჯარიამ ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი სულ ახლახან გაყიდა. იგი წელიწადზე მეტია, მსურველს ელოდა. "ერთსართულიანი აგურის სახლია, გაფართოების მიზნით გადავწყვიტეთ გაყიდვა. დაახლოებით 1 წლის წინ ახალი სახლიც შევარჩიეთ, ბანკში იყო ჩადებული. სამწუხაროდ, მისი შეძენა ვერ მოვახერხეთ. ახალ სახლს ვეძებ, მაგრამ იმდენად ძვირი ღირს, რომ ლამის დედაქალაქში არსებულ ფასს გაუტოლდეს. ამასობაში დრო გადის. პატრონი თუ არ ჩქარობს, შეღავათზე არ მოდის, ამიტომ მიჭირს რეალიზაცია", - ამბობს გიული კონჯარია.

წლობით იყიდება სახლები რაჭაში. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული თვალსაზრისით, რეგიონი ბოლო დროს საკმაოდ გამოცოცხლდა და ინფრასტრუქტურაც მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა, უძრავი ქონების ბაზარს არანაირი სიახლე არ ეტყობა. მით უმეტეს, თუ სახლი სოფელში მდებარეობს.

ამბროლაურის რაიონის მკვიდრი ამბობს, რომ სოფლებიდან წასული მოსახლეობის ნაწილი გაყიდვას წლობით ცდილობს, მაგრამ სახლის შეძენის მსურველი არავის უნახავს.

"წასული ოჯახებიდან დაბრუნებას თითქმის არავინ ცდილობს. ბოლო დროსაც გამოიკეტა რამდენიმე სახლი, რომლის გაყიდვას ცდილობენ, მაგრამ ეს აქ წარმოუდგენელია. არიან ოჯახები, რომლებმაც სახლის გაყიდვა 4-5 წლის წინ გადაწყვიტეს, ინტერნეტის საშუალებით თუ მაკლერების ხელშეწყობით, მაგრამ არც ერთი შემთხვევა, ვინმეს სახლი გაესხვისებინა, არ მახსენდება. ბოლო პერიოდში სასოფლო-სამეურნეო მიწა, ვენახის გაშენების მიზნით, რამდენიმემ შეიძინა, რასაც საცხოვრებელ სახლებზე ვერ ვიტყვი.

აქ დაბრუნება არავის უნდა. ვინც რაიონულ ცენტრთან ახლოსაა, შეიძლება, დიდი წვალებით მაინც მოახერხოს უძრავი ქონების კლიენტის პოვნა, მაგრამ რაჭის მთაგორიანი სოფლები არავის აინტერესებს", - ამბობს ვახტანგ მურუსიძე, ამბროლაურის მკვიდრი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"