1 მილიონი ადამიანი დღეში 5 ლარზე მეტს ვერ ხარჯავს

"საერთაშორისო სტანდარტით, ხორცპროდუქტების დღიური ნორმა ადამიანისთვის 200 გრამია, ჩვენთან კი სულ რაღაც 70 გრამი".

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 13%, ანუ დაახლოებით 600 ათასი ადამიანი დღეში 1,25 დოლარს, ანუ 2,18 ლარს ხარჯავს. საარსებო მინიმუმის ყოველდღიურ ხარჯზე - 5,18 ლარზე ნაკლებს კი, ექსპერტული გათვლებით, მოსახლეობის 20-30%-მდე, ანუ 900 ათასიდან 1,3 მლნ-მდე ადამიანი. გამოდის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სრულყოფილ კვებაზე ხელი არ მიუწვდება. სპეციალისტების თქმით, პროდუქტების ის რაოდენობა, რაც დღეს ქართულ მინიმალურ სასურსათო კალათაშია მოცემული, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, 4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4 490,5 ათასს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის 13%, რომლის დღიური მოხმარება 1,25 დოლარს არ აღემატება, რაოდენობრივად 583 765-ია.

ბოლო მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 155,4 ლარია, აქედან 70% სურსათზე მოდის. საარსებო მინიმუმს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის #111 ბრძანების შესაბამისად.

მინიმალურ სასურსათო კალათაში 40-მდე დასახელების პროდუქტია. საერთო ჯამში, ყოველდღიურ მინიმალურ ნორმად 2300 კილოკალორიაა მიჩნეული. შესაბამისად, ადამიანს მინიმუმ 155,4 ლარი უნდა ჰქონდეს თვეში შემოსავალი (დღეში დაახლოებით 5,18 ლარი), რომ არსებობისთვის განსაზღვრული მინიმალური კილოკალორია მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ UNDP-ის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 13%-ის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი 2,18 ლარს არ აღემატება, ეს ავტომატურად კალორიულ შიმშილს არ ნიშნავს. ეს მონაცემები არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი დაბალია, შესაძლოა, სხვა ტიპის შემოსავლები გააჩნდეს (მაგალითად, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის წვდომა ნატურალურ პროდუქტზე, რომელსაც ის არ ყიდულობს).

ექსპერტს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძეს ზუსტად იმის თქმა, თუ მოსახლეობის რა ნაწილი ხარჯავს დღეში 1,25 დოლარს, ანუ 2,18 ლარს, უჭირს. შეუძლებელია იმის დადგენაც, თუ რამდენი ადამიანი ხარჯავს საარსებო მინიმუმის დღიურ ხარჯზე - 5,18 ლარზე ნაკლებს. ექსპერტის გათვალებით, შესაძლოა, ეს ციფრი, საშუალოდ, 20-30% იყოს.

"სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას, რომ საარსებო მინიმუმი არის 155,4 ლარი. გამოდის, რომ დღიური ნორმა არის 5,18 ლარი, მაგრამ იგივე სამსახური არაფერს ამბობს, მოსახლეობის რა ნაწილი ხარჯავს დღეში ამაზე ნაკლებ თანხას. არადა, სტატისტიკას შეუძლია დათვალოს, თუ რამდენი ადამიანი ხარჯავს საარსებო მინიმუმის დღიურ ნორმაზე ნაკლებს.

რაც შეეხება ექსპერტულ გათვლებს. იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც 5,18 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, შესაძლოა, 20%-დან 30%-მდე იყოს, მაგრამ ესეც პირობითად. შეიძლება საარსებო მინიმუმზე მეტს ხარჯავდეს ადამიანი, მაგრამ იყოს ღარიბი.

ხარჯი არის ყოველდღიური, არის ყოველთვიური და ყოველკვირეული. არ ვიცი, გაეროს განვითარების ფონდმა რა ტიპის გამოკვლევა ჩაატარა. როდესაც საუბარია 1,25 დოლარის ხარჯზე, ეს ციფრი დადგენილია მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, თუ გაცვლითი კურსით, ორივე სხვადასხვა რამაა. შესაბამისად, იმას, თუ მოსახლეობის რა ნაწილი ხარჯავს დღეში 1,25 დოლარს, ვერ გეტყვით",- განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ.

კვების მრეწველობის სპეციალისტი, შოთა ჩხეიძე კი ამბობს, რომ ქართულ სასურსათო კალათაში შეტანილი პროდუქტები და მათი ნორმა საერთაშორისო სტანდარტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამის მაგალითად კი მას იმ კომიტეტის მიერ დამტკიცებული მონაცემები მოჰყავს, სადაც თავად მუშაობდა.

"ნატოს სოფლის მეურნეობის დაგეგმარებისა და ჯანდაცვის კომიტეტმა 2011 წლის ივნისში მიიღო ახალი ნორმა, რომელიც ძველისგან თითქმის არ განსხვავდება, თუმცა ჩვენ მისგან ძალიან შორს ვდგავართ. იქ ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო ნორმებით ხორცი და ხორცპროდუქტების დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის შეადგენს 200 გრამს, საქართველოში კი სულ რაღაც 70 გრამია. პური და პურპროდუქტების საერთაშორისო ნორმაა 200 გრამი, ჩვენთან - 380 გრამი, მოხმარება კი - 700 გრამი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პურის მოხმარება სიღარიბის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

ამავე მონაცემების მიხედვით, ადამიანმა დღეში 680 გრამი რძე და რძის პროდუქტები უნდა მიიღოს. საქართველოში ეს ნორმა მხოლოდ 215 გრამია. ბოსტნეულის წილი საერთაშორისო ნორმებით 680 გრამს შეადგენს, ქართული ნორმებით - 332 გრამს. ხილის დღიური ნორმა 454 გრამია, ჩვენთან სულ რაღაც 200 გრამი და ა.შ.",- განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შოთა ჩხეიძემ.

მისივე თქმით, პროდუქტების ის რაოდენობა, რაც დღეს ქართულ მინიმალურ სასურსათო კალათაშია მოცემული, საერთაშორისო ნორმების მიხედვით 3,5-4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება. კერძოდ, საერთაშორისო ნორმებით, ამ ასაკის ბავშვებისთვის ხორცის და ხორცპროდუქტების დღიური ნორმა 113 გრამია, რძე და რძის პროდუქტების - 567 გრამი, ბოსტნეულის - 342 გრამი და ა.შ.

რაც შეეხება მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ გაწეულ მცირე ხარჯს. იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, აუცილებელია, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დაბალშემოსავლიანების ხელფასი და შემცირდეს გადასახადები.

"საქართველოში მოსახლეობის 80% რომ ღარიბია, ეს გაეროს მიერ არის დადგენილი. აქედან, 35% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, 45% კი არის ღარიბი. ესენი არიან განწირული ადამიანები, რომლებიც არიან მხოლოდ პურზე და მათი შემოსავალი სხვა ხარჯს ვერ ფარავს", - დასძინა შოთა ჩხეიძემ.

ის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბია, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. 2014 წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობას იღებს 436 318 ადამიანი, ეს ის ადამიანები არიან, ვისი სარეიტინგო მაჩვენებელი 57 ათას ქულას არ აღემატება. მათგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება იმ ადამიანების სოციალური ყოფა, ვისი სარეიტინგო ქულა 57 ათასიდან 100 ათასამდეა. ბაზაში კი ასეთი ქულის მქონე ადამიანების საერთო რაოდენობა 222 428-ს შეადგენს. საერთო ჯამში, 0-დან 100 ათას ქულა მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს აქვს, ანუ 658 428-ს.

იმისათვის, რომ ღატაკი მოსახლეობის მაჩვენებელი შემცირდეს, შოთა ჩხეიძე აუცილებელ ფაქტორად სოფლის მეურნეობის განვითარებას ასახელებს.

"დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება 3-ჯერ შემცირდა, 2003 წლიდან - 2-ჯერ. ჩვენ დამოკიდებულნი გავხდით იმპორტზე, რაც მოსახლეობისა და ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

ფაქტობრივად, ბოლო 9 წელიწადში სოფლის მეურნეობა დაიქცა, თუმცა იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც სინგაპურიზაციისკენ მიისწრაფოდა, გასაკვირი არაფერია. როგორი ქვეყანაა სინგაპური - ეს არის სახელმწიფო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ 15%-ია, დანარჩენი, მძიმე სოციალური პირობების გამო, სამშობლოდან წავიდა. ეს არის ქვეყანა, სადაც ადგილობრივები მხოლოდ მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულნი და ემსახურებიან ჩასულ მილიონერებს. ეს არის ქვეყანა, სადაც არ იხვნება მიწა და მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე. სწორედ ასეთი ქვეყნის შექმნას აპირებდა წინა ხელისუფლება, მაგრამ გადავრჩით", - დასძინა ჩხეიძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"