"ბიზნესის არც ერთი მოგება, ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე თებერვლის ბოლომდე განიხილონ.

როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შრომის ინსპექცია ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლად იქცა. 

”კომიტეტში უნდა განხილულიყო შრომის ინსპექციის საკითხი მეორე მოსმენით, თუმცა გადაიდო, რადგან მთავრობის წარმომადგენელს, ვისაც უნდა წარმოედგინა კანონპროექტი, არ გამოცხადდა. თუ ეს დაკავშირებული იყო ბიზნესის ინტერესებთან, რომ მთავრობას გადახედვა მოუწია გადაწყვეტილების, ეს ძალიან სამწუხაროა. თუ ეს განპირობებული იყო თვითონ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს კიდევ უფრო სამწუხაროა. ბიზნესის არც ერთი მოგება, არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ ღირს არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ. მოვუწოდებ მთავრობას, რომ თებერვლის ბოლომდე მაინც მოხდეს ამ საკითხის განხილვა კომიტეტის ფარგლებში და შემდგომ უკვე ამ სასესიო პერიოდში მივიღოთ ეს კანონი”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.