დავით საგანელიძემ თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) მშენებლობისა და დანადგარებით აღჭურვის პროცესი დაათვალიერა

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა სრულდება. საწარმოში ტექნიკა-დანადგარების აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.

მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს. საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები მსოფლიო ავიაციის ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები Boeing-ი, Airbus-ი და Bombardier-ი იქნებიან.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის წარმომადგენლებმა დღეს თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) დანადგარებით აღჭურვისა და მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. ქარხნის მშენებლობის პროცესი ისრაელის მხრიდან, Elbit Cyclone-ის მთავარი პროგრამების მენეჯერმა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის ATC-ის პროექტის მენეჯერმა შარონ გროუპმახერმა დაათვალიერა. ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ქარხანაში ATC-ის დირექტორი რაფი ბიტონი, ATC-ის ფინანსური დირექტორი მიხეილ ბეგიაშვილი და ATC-ის ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯერი იანა ბრიკმანი იმყოფებოდნენ.

„2018 წლის ბოლოს ქვეყენაში ფუნქციონირებას დაიწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სრული დატვირთვის შემდეგ, ქარხანაში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომელთა გადამზადება ისრაელის წამყვანი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქარხნის დათვალიერებისას.

სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ ქარხანაში (ATC) ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური შეკვეთით დამზადებული, საწარმოსთვის მნიშვნელოვანი მანქანა-დანადგარები მონტაჟდება, რომლებიც Elbit Cyclone-ის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეარჩიეს. ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. მშენებლობის პროცესი სამი ეტაპისგან შედგება: საწარმოს შენობის მშენებლობა, მისი დანადგარებით აღჭურვა და სერტიფიცირება.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 60-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 2018 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 80-ზე მეტს მიაღწევს, ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანი დასაქმება იგეგმება. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები დამზადდება. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

პარტნიორთა შეთანხმებით ქარხანა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სერთიფიცირებული სამშენებლო მასალით შენდება. საწარმოს კედლები და სახურავი „საპარტნიორო ფონდისა“ და შპს ICES-თან ერთობლივად დააფუძნებული შვილობილი კომპანია „პანექსის" მიერ წარმოებული სენდვიჩ-პანელებით აშენდა, ქართულ სამშენებლო პროდუქციას უმაღლესი სტანდარტის სერთიფიცირება აქვს გავლილი.

თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების საწარმოს (ATC) განვითარების მიზნით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე კომპანია ELBIT Cyclone -ის პრეზიდენტის მიწვევით ისრაელში მიმდინარე თვეში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება.

„ELBIT Cyclone“ -ის შესახებ:

ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები, უსაფრთხოების სისტემები და სამხედრო/თავდაცვის ნაწილები.

ELBIT Systems დაარსდა 1967 წელს ისრაელში და NASDAQ-ზე (ESLT) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანიაა.