კურორტ „გოდერძიზე“ 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე კოტეჯებში და სასტუმროში 1424 ვიზიტორი იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სამთო კურორტის უცხოელი ექსპერტები „გოდერძის“ ამიერკავკასიაში უნიკალურ და დიდი პერსპექტივის მქონე კურორტად ასახელებენ.
„ზამთრის ექსტრიმი, ადრენალინი, თოვლი, სათხილამურო ტრასები, წიწვოვანი ტყეები, ალპური ზონა და საუცხოო ხედები - ეს ჩამონათვალი თუ თქვენს გემოვნებას ემთხვევა, მაშინ ზამთრის არდადეგების გასატარებლად კურორტი „გოდერძი“ იდეალური ადგილია.
ეს საუცხოო ადგილი ბათუმიდან 110 კილომეტრში, ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1725 მეტრზე მდებარეობს. როგორც სამთო კურორტის უცხოელი ექსპერტები ამბობენ, „გოდერძი“ ამიერკავკასიაში უნიკალური და დიდი პერსპექტივის მქონე კურორტია, რომელიც გამოირჩევა, როგორც თოვლის სიუხვითა და ხარისხით, ასევე ყველაზე ხანგრძლივი სეზონით. აქ ზამთარი 5 თვეს გრძელდება, თოვლის საფარი კი 3 მეტრს აღწევს, რაც საშუალებას იძლევა, რომ კურორტს მოთხილამურეები აპრილის მიწურულსაც ესტუმრონ. გოდერძზე ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2365 მეტრია. ეს სიმაღლე და გაუკვალავ თოვლში სრიალი კი განსაკუთრებულად მიმზიდველია ექსტრემალი მოთხილამურეებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე გრძელი 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ორი - ბაბლისა და გონდოლას ტიპის საერთაშორისო სტანდარტის საბაგირო ემსახურება“, - აღნიშნავენ აჭარის მთავრობაში.
მათივე ინფორმაციით, „გოდერძიზე“ ამ ეტაპზე სულ 6 შალეს ტიპის 12 ადგილიანი კოტეჯი და 30 ადამიანზე გათვლილი ერთი სასტუმროა. კოტეჯები აღჭურვილია გათბობის უმაღლესი დონის სისტემითა და ყველა აუცილებელი ინვენტარით. სასტუმრო „მეტეო“ კურორტიდან 7 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. შიდა გადაადგილებისთვის კურორტის ადმინისტრაციამ წელს პირველად შესთავაზა ვიზიტორებს თოვლმავლით მომსახურება, სწორედ ამ სიახლის ხარჯზე წინა წლებთან შედარებით მიმდინარე სეზონზე თითქმის 100% გაიზარდა სასტუმროში განთავსების მსურველთა რაოდენობაც. აქამდე სასტუმროდან საბაგირომდე გადაადგილება სპეც-ტექნიკის გარეშე შეუძლებელი იყო, შესაბამისად ტურისტების უმრავლესობაც უპირატესობას კოტეჯში განთავსებას ანიჭებდა, თოვლმავალის გამოჩენამ კი სასტუმროსა და კოტეჯებზე მოთხოვნა გაათანაბრა.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, წელს კურორტზე ბევრი სიახლეა. პირველად მოეწყო თხილამურების გაქირავებისა და სწრაფი კვების ობიექტები, ასევე აუქციონის წესით იჯარით გადაეცა ადმინისტრაციული შენობა ერთ-ერთ მცირე მეწარმეს და კურორტზე უკვე რესტორანიც ფუნქციონირებს. პირველად გაჩნდა სივრცე მოზარდებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის. გაკეთდა 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა და დამონტაჟდა ბიგელი. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა.