ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა კრისტიან ლუბუტენმა ჰოლანდიურ კომპანიასთან წითელძირიანი ფეხსაცმელების ექსკლუზიურ წარმოებასთან დაკავშირებით შესაძლოა, სასამართლო დავა წააგოს. „ლუბუტენმა“ სახელი გაითქვა ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წარმოებით, რომელსაც მკვეთრი წითელი ძირი აქვს.
როგორც The New York Times წერს, 2012 წელს დიზაინერმა მიმართა სასამართლოს ჰოლანდიურ კომპანია Van Haren-ის წინააღმდეგ, რომელმაც ასევე დაიწყო მაღალქუსლიანი და წითელძირიანი ფეხსაცმლების გაყიდვები და თან ბევრად იაფად, ვიდრე „ლუბუტენმა“. კრისტიან ლუბუტენის აზრით, კომპანიამ დაარღვია მისი ინტელექტუალური საკუთრება, შედეგად კი პირველი ინსტანციის სასამართლო დიზაინერის მხარეს აღმოჩნდა და Van Haren-ს მოუწია აღნიშნული დიზაინის მქონე ფეხსაცმლის გაყიდვების შეჩერება.
თუმცა ჰოლანდიური კომპანია ამაზე არ გაჩერდა და განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შედეგად საქმე მივიდა ევროპულ სასამართლომდე, რომელიც გახლავთ ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა ადვოკატმა მაცეი შპუნარმა სასამართლოზე რეკომენდაცია გასცა, რომელიც „ლუბუტენის“ სასარგებლო არ არის. უფრო კონკრეტულად კი ის მივიდა დასკვნამდე, რომ ძირის ფერი არ შეიძლება იყოს ცალკე განხილული საქონლის ფორმისგან, ხოლო ფორმა არ ითვლება სავაჭრო ნიშნად ევროკავშირის ტერიტორიაზე. მისი რეკომენდაცია არ ითვლება სავალდებულოდ, თუმცა ჩვეულებრივ, მოსამართლეები ითვალსიწინებენ გენერალური ადვოკატის მოსაზრებას.
კოკა კვირკველია